Aa Aa
11 აგვისტო 2020  |  11:32

ტუხელი: "ატალანტას უნიკალური სტილი აქვს"

ფრანგული პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ბერგამოს „ატალანტა“ შეაქო და აღნიშნა, რომ ამ გუნდს უნიკალური სათამაშო სტილი აქვს. გერმანელმა სპეციალისტმა „ნერაძურის“ რამდენიმე პლუსს გაუსვა ხაზი.

„მათ წინააღმდეგ დაცვაში კარგი თამაში უმნიშვნელოვანესია, რადგან ცალსახად უნიკალური სტილი აქვთ. მთელი გუნდით უტევენ, წინ მიდიან და პრესინგს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე მიმართავენ. მათი მე-10 ნომერი, გომესი, ყოველთვის თავისუფალია იმისთვის, რომ რაც უნდა ის აკეთოს. იგი თანაგუნდელებთან კომბინირებას უმცირეს სივრცეშიც ცდილობს.

გასპერინის გუნდს ორივე ფლანგიდან თამაში უყვარს და ძალიან შემტევი ვინგერები ჰყავს, ისინი საჯარიმოში ბურთს ხშირად აწვდიან, ასევე შორიდან დარტყმებიც კარგად გამოსდით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და შევეცადოთ, გოლი არ გავუშვათ, მაგრამ ვიცით, რომ „ატალანტასთან“ ამის გაკეთება ძალიან რთულია.

კეილორ ნავასს მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება, რადგან იგი ძალიან მშვიდია და ამ ტურნირზე თამაშიც დიდი გამოცდილებაც აქვს. მას შეუძლია, მცველებს ელაპარაკოს და ვითარება დაამშვიდოს“.

„ატალანტამ“ სერია A-ს გასული სეზონის 38 მატჩში 98 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი იყო ისეთი შეხვედრა, რომელშიც მეტოქის კარი ვერ აიღო. გასპერინის გუნდმა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში 16 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება თავად პსჟ-ს, გუნდმა მარტის შემდეგ მხოლოდ 2 ოფიციალური შეხვედრა გამართა და საფრანგეთის თასსა და ლიგის თასზე ტიტულები „სენტ ეტიენსა“ და „ლიონს“ მოუგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები