კოუტინიო არსენალში? - მეთოფეები ბრაზილიელს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდნენ
Aa
Aa

კოუტინიო არსენალში? - მეთოფეები ბრაზილიელს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდნენ

კატალონიური ''სპორტისა'' და ბრიტანული ''სანის'' ცნობით ფილიპე კოუტინიოს ლონდონის ''არსენალში'' გადასვლა რეალურია. 28 წლის ბრაზილიელმა ''მეთოფეებთან'' პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ''ბარსელონას'' სურვილი ''არსენალის'' ამოცანას ეწინააღმდეგება, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა სურს, ხოლო ჩრდილოლონდონური კლუბი კოუტინიოს იჯარით დამატებას გეგმავს.

კოუტინიოს გადაბირება ასევე სურდა ლონდონის ''ჩელსის'', თუმცა ''არისტოკრატების'' მთავარ სამიზნეს კაი ჰავერცი წარმოადგენს და ''ჩელსი'' აქცენტს გერმანელი ტალანტის შეძენაზე აკეთებს.

2018 წელს ''ბარსელონამ'' კოუტინიო ''ლივერპულიდან'' 145 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა სამხრეთამერიკელის ესპანური კარიერა წარუმატებელი გამოვიდა, მან მოლოდინი ვერ გაამართლა, 2019 წლის ზაფხულში მიუნხენის ''ბაიერნში'' გაანათხოვრეს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გერმანული გუნდისთვის ითამაშებს.

ბუნდესლიგის ჩემპიონი კოუტინიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ გეგმავს, ხოლო ფეხბურთელს ''ბარსელონაში'' დაბრუნება არ სურს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი ბრაზილიელის მიკელ არტეტას გუნდში ხილვაა.

‘‘არსენალის’’ თავკაცი მიკელ არტეტა ახალი გუნდის შენებას იწყებს. მისი ხედვით 4-3-3 სათამაშო სქემაში ტომას პარტეისა და ფილიპე კოუტინიოს როლი უდიდესი იქნება. თუ ‘‘მეთოფეები’’ აღნიშნულ ტრასფერებს განახორციელებენ, პარტეი ე.წ. საჯარიმოდან-საჯარიმომდე მოთამაშე ნახევარმცველი იქნება, ხოლო მის წინ მოთამაშე კოუტინიოს შეტევების შექმნა დაევალება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები