''ზიდანი ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო'' - გუარდიოლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს
Aa
Aa

''ზიდანი ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო'' - გუარდიოლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდა. საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ''მანჩესტერ სიტიმ'' ''ეტიჰედზე'' მადრიდის ''რეალი'' 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ''ქალაქელებმა'' 4:2 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ''ლიონს'' შეხვდებიან. ფრანგულმა კლუბმა მერვედფინალში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტის, ტურინის ''იუვენტუსის'' ბარიერი დაძლია. პირველი შეხვედრა ''ლიონმა'' შინ 1:0 მოიგო, საპასუხო მატჩში კი ''იუვენტუსმა'' 2:1 გაიმარჯვა.

''რეალთან'' მოგებული შეხვედრის შემდეგ მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა მედიას ესაუბრა. კატალონიელმა ზინედინ ზიდანის მიმართ სიმპათიები არ დამალა.

''როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ზიდანი ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ოჯახების შესახებ და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. ასევე, ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა თუ ერთმანეთს ხშირად შევხვდებოდით. ის დიდებული პიროვნებაა და კარგად წარმოაჩენს მწვრთნელის პროფესიას.

გვსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. თუ ვიფიქრებთ, რომ ეს გამარჯვება ტიტულის მოგებისთვის საკმარისია, ჩვენ პატარა გუნდი ვიქნებით. ''რეალის'' ძლევა მხოლოდ ერთი ნაბიჯია. თუ ტიტულის მოგება გსურს, დიდი კლუბები უნდა დაამარცხო. ასეთი გუნდები არიან ''რეალი'', ''ბაიერნი'', ''ბარსელონა'', ''ლივერპული.''

''რეალთან'' გამართულ ორივე შეხვედრაში ჩვენი მხრიდან საუკეთესო გაბრიელ ჟესუსი იყო. მან შესანიშნავად ითამაშა.

ბევრი მომენტი შევქმენით და მხოლოდ ორი გავიტანეთ. გოლები მეტოქე გუნდის შეცდომებმა განაპირობა. ვცდილობდი ჩემი გუნდის ფეხბურთელები დამეწმუნებინა, რომ შეტევაში აქტიურად გადასულიყვნენ, რაც ასეთი დონის გუნდებთან ადვილი არაა. ზოგადად, დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვარ.

''ლიონის'' შესახებ ჩემი გუნდის სკაუტებს ვესაუბრე. მათი თქმით ''ლიონთან'' მატჩისთვის ძალიან ყურადღებით უნდა მოვემზადოთ. მატჩამდე რვა დღეა დარჩენილი, მომზადებისთვის დრო გვაქვს.''

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა ''მანჩესტერ სიტისა'' და ''ლიონს'' შორის 15 აგვისტოს ''ჟოზე ალვალადეზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები