ოვერტაიმები და რეკორდები - NBA-ში ბრწყინვალე შეხვედრები გაიმართა
Aa
Aa

ოვერტაიმები და რეკორდები - NBA-ში ბრწყინვალე შეხვედრები გაიმართა

ორლანდოში NBA-ს განახლებული სეზონის მორიგი საღამო შედგა, სადაც რამდენიმე საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ.

დალას მავერიკსისა და ჰიუსტონ როქეთსის ჯახი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „ბაბუაწვერამ“ და კომპანიამ 153:149 მოიგო.

ჯეიმს ჰარდენს 49 ქულა, 9 მოხსნა, 8 გადაცემა და 3 დაფარება ჰქონდა, რის შემდეგაც იგი გახდა ლიგის პირველი მოთამაშე ბოლო 25 წლის მანძილზე, რომელმაც 49 ქულის მოგროვება არაუმეტეს 20 სროლით შეძლო. ასევე, იგი გახდა NBA-ს ისტორიაში მე-4 კალათბურთელი, რომელმაც 40 და მეტი ქულით სეზონის 20 შეხვედრის დასრულება შეძლო.

ჰარდენის მსგავსად იგივე მაჩვენებელი უილტ ჩემბერლენს (6-ჯერ), მაიკლ ჯორდანს (2-ჯერ) და ელდრიჯ ბეილორს (2-ჯერ) აქვთ დაფიქსირებული.

ჰიუსტონის რიგებში ორმაგი დუბლი მიითვალა რასელ უესტბრუკმა, რომელმაც 31 ქულა და 11 მოხსნა დააფიქსირა.

ლუკა დონჩიჩმა კი სეზონში მე-15 სამმაგი დუბლი გაიფორმა - 23 ქულა, 13 მოხსნა და 10 გადაცემა. დალასის ლიდერმა ამ მაჩვენებლით 22 ქლამდე კალათბურთელებს შორის რეკორდი დააფიქსირა.

საოცარი მატჩი შედგა პორტლენდსა და მემფისს შორის, რომელიც ასევე ოვერტაიმში გადავიდა და ლილარდის გუნდის გამარჯვებით 140:135 დასრულდა.

პორტლენდის მხრიდან ყველაზე მეტი 33 ქულა სიჯეი მაკკალუმმა ჩააგდო. 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა კარმელო ენტონის. იუსუფ ნურკიჩმა კი 18 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა გაიფორმა. ლილარდმა 29 ქულა, 5 მოხსნა და 9 გადაცემა დააფიქსირა.

მემფისის რიგებში 33 ქულა ჰქონდა ჯარენ ჯექსონს. ორმაგი დუბლი შეასრულა მორანტმა, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პორტლენდი მემფისს მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მე-8 და მე-9 ადგილოსანს შორის, თუ განსხვავება 4 მოგებაზე ნაკლებია ეს ორი გუნდი ერთმანეთში ორ თამაშობს ჩაატარებს. მერვეადგილოსანმა ერთი რომ მოიგოს პლეი-ოფში გადის, ხოლო მეცხრეადგილოსანს ორივეს მოგება სჭირდება, რათა პლეი-ოფის საგზური მიიღოს.

ამ მომენტისთვის მემფისს 32 მოგება აქვს, ხოლო პორტლენდს 30.

სხვა შხვედრები ასეთი შედეგებით დასრულდა:

ვაშინგტონი 112:125 ფინიქსი

მილუოკი 119:112 ბოსტონი

სან ანტონიო 129:120 საკრამენტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები