ქეცბაიას გარემარბი სჭირდება - პაპუნაშვილი მოლაპარაკებას არ ადასტურებს
Aa
Aa

ქეცბაიას გარემარბი სჭირდება - პაპუნაშვილი მოლაპარაკებას არ ადასტურებს

კვიპროსული მედიის ცნობით თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისში'' გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება სურს. Offsite.com.cy-ს ცნობით სლოვაკმა ფორვარდმა მიხალ დურიშმა კლუბი დატოვა და ქეცბაია სლოვაკის შემცვლელად ''სარაგოსას'' ქართველ შემტევს მოიაზრებს, რომელსაც გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა.

დურიში ამპლუით ცენტფორვარდია, თუმცა როცა ნიკა კაჭარავა მოედანზე იყო, სლოვაკი მოთამაშე ''ვინგერად'' თამაშობდა. სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეა გიორგი პაპუნაშვილიც.

პაპუნაშვილს ''სარაგოსაში'' და შემდეგ სანტანდერის ''რასინგში'' სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა. აქედან გამომდინარე, სასურველი ფორმისგან შორსაა.

კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად პაპუნაშვილმა CrystalSport-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კვიპროსულ კლუბთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მიუხედავად ამისა, თუ მას ''სარაგოსაში'' კვლავ არ მოუწევს რეგულარულად თამაში, ლოგიკურად არჩევანს იმ გუნდზე გააკეთებს, სადაც მთავარი მწვრთნელისგან მეტ ნდობას დაინახავს და შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცემა. ასეთი კი თემურ ქეცბაია ნამდვილადაა და მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, პაპუნაშვილის კვიპროსულ კლუბში იჯარით გადასვლის შესაძლებლობა არარეალური არ ჩანს.

2019-20 წლების სეზონში პაპუნაშვილმა საერთო ჯამში მინდორზე 678 წუთი გაატარა, ჩატარებული 17 მატჩიდან სასტარტოში მხოლოდ ექვსჯერ მოხვდა და ორი გოლი ''სარაგოსას'' მაისურით ესპანეთის თასზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები