საქართველოს ჩემპიონატი - ნინო ბაციაშვილმა პირველობა არავის დაუთმო
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ნინო ბაციაშვილმა პირველობა არავის დაუთმო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი 7,0 ქულით, რომელიც ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. მეორე და მესამე ადგილები მერი არაბიძემ (6,5) და ბელა ხოტენაშვილმა (6,5) გაიყვეს.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასი და მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონეა და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა. პანდემიის დღეებში, ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა და შემოქმედებითად გამოიყენა ონლაინ სივრცე. ეს მართლაც შესანიშნავი და მისაბაძი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჭადრაკის დიდი როლი ჩვენს უაღრესად მნიშვნელოვან  ტელესკოლის პროექტში. როდესაც პანდემიის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ამისთვის  ონლაინ მეთოდები და პროექტი ტელესკოლა გამოვიყენეთ. საჭადრაკო გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭადრაკის როლი სკოლაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს. ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ამავე დროს გახლავთ ხელოვნება, მეცნიერება და მათემატიკასთან ერთად გონების ვარჯიშის საუკეთესო საშუალება.“

თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, 9 ტურად.

ქალთა ჩემპიონატი, ჭადრაკის საერთაშორისო დღეს - 20 ივლისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეს ჩემპიონატი ერთ-ერთი პირველი სპორტული  ღონისძიებაა.

საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარია ( I ადგილი - 10 000 ლარი, II ადგილი - 7 000 ლარი, III ადგილი - 5 000 ლარი და ა.შ.)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები