Aa
Aa
15 ივლისი 2020  |  09:58

როგორც იქნა - იოკიჩი და ჰარდენი ორლანდოში ჩავიდნენ

„დენვერ ნაგეთსისა“ და „ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკვლავები, ნიკოლა იოკიჩი და ჯეიმს ჰარდენი უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში ჩავიდნენ.

სერბმა ცენტრმა, რომელმაც ორლანდოში გუნდთან ერთად წასვლა მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მოახერხა, 48-საათიანი კარანტინი უკვე გაიარა, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის უფლება ჯერ არ აქვს.

NBA-ის სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, „დენვერმა“ იოკიჩს Covid-19-ზე ტესტი უნდა ჩაუტაროს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, „ჯოკერს“ ვარჯიშის განახლების ნებას დართავენ.

იოკიჩისგან განსხვავებით, ჯეიმს ჰარდენის დაგვიანების მიზეზი უცნობია. „ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელი მცველის შესახებ ამერიკულ პრესაში ბევრი რამ იწერებოდა, თუმცა სამშაბათს საღამოს „წვერამ“ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და ორლანდოში ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის სეზონი თბილისის დროით 31 ივლისს განახლდება. „ჰიუსტონ როქეთსი“ პირველ შეხვედრას „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „დენვერ ნაგეთსი“ „მაიამი ჰიტს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები