ანანიძე: ''სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, შენგელიას ტიტულები სურს''
Aa
Aa

ანანიძე: ''სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, შენგელიას ტიტულები სურს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ რუსულ მედიასთან თორნიკე შენგელიას ტრანსფერზე ისაუბრა. ქართველი კალათბურთელის მოსკოვის არმიულ კლუბში გადასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და არაერთმა ქართველმა შენგელია გააკრიტიკა.

ჯანო ანანიძე sport24.ru-ს ესაუბრა.

''შენგელიას მხარს ვუჭერ, მის ტრანსფერს მოსკოვის ცსკა-ში განხილვა და კრიტიკა მოჰყვა. ეს კალათბურთელის კარიერააა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდა, რომ ევროლიგა მოიგოს და კლუბში კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არაა, შენგელიას კარიერული მიზნები აქვს და ცსკა-ში დიდი ფინანსური შემოსავლის გამო არ გადასულა.

რუსეთში არაერთი წელი გავატარე, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მოსკოვის ''სპარტაკში'' ვთამაშობდი. მოვიგე ტიტულები და ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აფრიალება იყო, რასაც ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი.

საქართველოში უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ პოლიტიკაზე არავინ საუბრობს. სპორტი პოლიტიკისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ. აქედან გამომდინარე ჩემთვის სრულიად გაუგებარია შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ტიტულების მოპოვება სურს.''

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს, რუსეთის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა სრულიად დამსახურებულად გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები