Irishtimes:
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  15:54

Irishtimes: "ქართველებს ექნებათ შანსი, დაამტკიცონ, რომ მათი ამბიციები ჯანსაღი და ადეკვატურია"

ირლანდიური გამოცემა Irishtimes-ის ინფორმაციით, მსოფლიო რაგბი წლის ბოლოს 8-გუნდიანი ტურნირის ჩატარებას გეგმავს და მისი მონაწილეებიც უკვე შერჩეულია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიწვევაც იგეგმება.

„მსოფლიო რაგბი 2020 წლის კალენდართან დაკავშირებით კვირის ბოლომდე ჩამოყალიბდება. არის შანსი, რომ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდეს 8-გუნდიანი სატესტო ტურნირი, რომელშიც 6 ერის ქვეყნების გარდა, კიდევ ორი ნაკრები ითამაშებს, ვარიანტი კი სამია: ფიჯი, იაპონია და საქართველო.

ინგლისური პრესა წერს, რომ გათამაშებაზე ფიჯისა და იაპონიას ვიხილავთ, თუმცა უფრო ლოგიკურია, ტურნირზე იაპონიის ნაცვლად საქართველო ვიხილოთ. არგუმენტი ასეთია: კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები საქმეს ართულებს, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა მორაგბეთა დიდი ნაწილი კი ფრანგულ და ინგლისურ კლუბებში თამაშობს, რაც მოგზაურობის პრობლემათა სახიფათოობას შეამცირებდა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლო გათამაშებაზე ხუთივე მატჩი მოიგო, მათ შორის რუმინეთთან და რუსეთთან გამარჯვებებიცაა, საერთო ჯამში კი, ეს ტურნირი უკანასკნელი 10 შესაძლებლობიდან ტიტულით 9-ჯერ დაასრულეს. ამ ყველაფრის ფონზე, ქართველთა მხრიდან ექვს ერში მოხვედრაზე პრეტენზია სულ უფრო ხშირად გვესმის. ასეთი ტიპის ექსპერიმენტული შეჯიბრება მათი გამოცდისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ექნებათ შანსი, დაამტკიცონ, რომ ექვს ერში მოხვედრის ამბიცია ჯანსაღი და ადეკვატურია.

ბოლო მსოფლიო თასზე საქართველომ ურუგვაის მოუგო, რასაც ავსტრალიის ნაკრებთან ჩატარებული კარგი მატჩი და რესპექტაბელური ანგარიშით - 8:27 მარცხი მოჰყვა. როგორც უკვე ვთქვით, ქართველ მორაგბეთა დიდი ნაწილი საფრანგეთში თამაშობს და მათი ამ ტურნირზე დაშვება ამ მხრივაც გამართლებული იქნებოდა“, - წერია Irishtimes-ის სტატიაში.

როგორც წამყვანი გამოცემები იუწყებიან, მსოფლიო რაგბი ამ ექსპერიმენტულ 8-გუნდიან ტურნირს კალენდარში შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე ჩანიშნავს. Daily Telegraph-ი აღნიშნავს, რომ გათამაშება, რომელშიც ორი ჯგუფი იქნება და მათი გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გავლენ, ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 5 დეკემბერს გასამართი ფინალური მატჩით დასრულდება.

იმედი დავიტოვოთ, აღნიშნული ტურნირის მონაწილეთა შორის ჩვენი ნაკრები მართლაც დასახელდება, რაც ქართული რაგბის ისტორიაში, უდავოდ, ახალი და სერიოზული ფურცელი იქნება.

იტალიის, შოტლანდიის, უელსის, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებთა დონის მეტოქეებთან დაჭიდება ხუმრობა ხომ არაა?! ვისურვოთ, ეს ასეც მოხდეს, შემდეგ კი ჩვენს "ბორჯღალოსნებს" ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან ვუქომაგებთ და მათი ოსტატობით, ქართული რაგბის ამბიციების დამტკიცების მოლოდინი და რწმენაც აუცილებლად გვექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები