წამსვლელთა სამეული გამოიკვეთა - ბარსა ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  13:09

წამსვლელთა სამეული გამოიკვეთა - ბარსა ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს

„ბარსელონა“ ფეხბურთელების გასაყიდად ემზადება. კატალონიელები ახალი ტრანსფერების განხორციელებას იქამდე ვერ შეძლებენ, ვიდრე თავიანთი რამდენიმე მოთამაშის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ვერ მიიღებენ.

ESPN-ი წერს, რომ „ბარსას“ რიგებში გამოიკვეთა სამეული, რომლებიც გუნდს დიდი ალბათობით პირველ რიგში დატოვებენ. საუბარია ივან რაკიტიჩზე, ნელსონ სემედუსა და უსმან დემბელეზე.

კლუბი სემედუს თამაშით უკმაყოფილოა, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ამჟამად კი პორტუგალიელის სარფიანად გაყიდვა და ახალი მარჯვენა მცველის შეძენა იგეგმება.

რაც შეეხება რაკიტიჩს, მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება. იმისთვის, რომ ხორვატმა კლუბი უფასოდ არ დატოვოს, „ბარსა“ მას ამ ზაფხულს გაასხვისებს.

ESPN-ის ცნობით, კატალონიელები სემედუსა და რაკიტიჩის თაობაზე ნებისმიერი შეთავაზების განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამენ.

კლუბს იმედი დემბელეს შემთხვევაშიც გადაეწურა. ფრანგის ხშირი ტრავმიანობა მასზე შორს მიმავალი გეგმების აწყობას წარმოუდგენელს ხდის და „ბარსელონა“ მზადაა ობიექტური წინადადების მიღების შემთხვევაში ის განიხილოს.

ასევე, როგორც ცნობილია „ბლაუგრანა“ ფელიპე კოუტინიოს გაყიდვასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდაც ყველაზე დიდი თანხის მიღებას ვარაუდობენ, რომელიც ლაუტარო მარტინესის გადაბირებას მოხმარდება.

იქედან გამომდინარე, რომ „ბარსა“ რაკიტიჩს და კოუტინიოს ყიდის, ასევე დიდი შანსია გუნდი ვიდალმაც დატოვოს, სანაცვლოდ კი მხოლოდ პიანიჩი გაიფორმეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კატალონიელებს ერთი ახალი ნახევარმცველის შეძენაც მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ივლისის ბოლოს გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები