''გადავწყვიტეთ, თორნიკეს ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ'' - მარკოიშვილმა განცხადება დააანონსა
Aa
Aa

''გადავწყვიტეთ, თორნიკეს ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ'' - მარკოიშვილმა განცხადება დააანონსა

მოსკოვის ცსკა-ს ექს-კალათბურთელის, მანუჩარ მარკოიშვილის თქმით საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები შენგელიას არმიულ კლუბში ტრანსფერთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ხვალ გააკეთებენ.

მანუჩარ მარკოიშვილი და ვლადიმერ ბოისა ტელეკომპანია ''პირველს'' ესაუბრნენ.

მოსკოვის ცსკა-ს ექს-კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი: ''საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები ერთიან განცხადებას ჩავწერთ და ერთიან განცხადებას ხვალ გავავრცელებთ.

ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. არ მსურს ცალკე გავაკეთო განცხადება, რადგან გადავწყვიტეთ, რომ თორნიკეს ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი.''

შეგახსენებთ, მარკოიშვილი ცსკა-ს ღირსებას 2014-15 წლებში იცავდა.

ვლადიმერ ბოისა: ''ხვალ ბიჭები ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ და გაგაგებინებთ. სავარაუდოდ, ვიდეოსაც ჩავწერთ და მოგაწვდით.''

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს, რუსეთის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა სრულიად დამსახურებულად გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები