Aa
Aa

ბრუკლინ ნეთსმა ჯამალ კროუფორდი გაიფორმა

ESPN-ის ინფორმაციით, „ბრუკლინ ნეთსმა“, რომელიც ორლანდოში მხოლოდ 12 ჯანმრთელი კალათბურთელით გაემგზავრა, ჯამალ კროუფორდი დაიმატა. 40 წლის კროუფორდმა „ნეთსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

NBA-ის წესების მიხედვით, კროუფორდს შეუძლია ორლანდოში თვითმფრინავით ან ავტომობილით ჩავიდეს. თუ 23 ივნისის შემდეგ, მისთვის კორონავირუსის რამდენიმე ტესტი არ ჩაუტარებიათ, იგი თანაგუნდელებს მანამ ვერ შეუერთდება, სანამ 1-კვირიან კარანტინს არ გაივლის, რომლის დროსაც Covid-19-ზე ყოველდღე შეამოწმებენ.

კროუფორდის გარდა, „ბრუკლინს“ კიდევ ორი კალათბურთელის გაფორმება შეუძლია და The Athletic იტყობინება, რომ „ნეთსის“ მომდევნო სამიზნე მაიკლ ბიზლი გახლავთ. ამერიკული გამოცემების ცნობით, კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინმა“ კორონავირუსის გამო ერთბაშად 4 კალათბურთელი დაკარგა. დეანდრე ჯორდანს, სპენსერ დინუიდისა და ტორინს პრინსს Covid-19 დაუდგინდათ, ხოლო უილსონ ჩენდლერმა ორლანდოში წასვლაზე უარი ოჯახის უსაფრთხოების გამო თქვა.

ცნობისთვის, კროუფორდი ბოლოს „ფინიქს სანსის“ ღირსებას იცავდა და ზურგს NBA-ში ასპარეზობის 20-წლიანი გამოცდილება უმაგრებს. კარიერაში კი, საშუალოდ 14.6 ქულასა და 2.2 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები