Aa
Aa

"თავიდანვე ასე რომ გვეთამაშა, "სკუდეტოს" მოვიგებდით" - ზლატანი იუვესთან მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსთან“ მიღწეული გამარჯვების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესასთან ხმამაღალი და სახალისო კომენტარი გააკეთა.

"მილანმა" "იუვენტუსს" ჩემპიონატის ერთ მატჩში 4 გოლი 1989 წლის შემდეგ პირველად გაუტანა. „იბრამ“ შეხვედრის შემდეგ გამოცემა DAZN-თან ისაუბრა.

„სეზონის დაწყებიდან მოყოლებული ასე რომ გვეთამაშა, „სკუდეტოს“ მოვიგებდით. ფანების გარეშე თამაში უცნაურია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ 1 თვე დარჩა, ასე რომ, ვნახოთ. თუმცა, არაა გამორიცხული, ფანების წინაშე „სან სიროზე“ ბოლო თამაში უკვე ჩატარებული მქონდეს.

რაც შეეხება რანგნიკის შესაძლო დანიშვნას, არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ისე კი, დღესდღეობით გუნდში პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და მოთამაშეც ვარ, მაგრამ ისინი მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასს მიხდიან“.

ზლატანმა გუშინდელ მატჩში ანგარიში პენალტიდან 1:2 გახადა, რასაც მალევე მისივე საგოლე გადაცემა და წონასწორობის აღდგენა მოჰყვა. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში ძირითადში 9 თამაში დაიწყო, აქტივში კი 5 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. იტალიური პრესა სკანდინავიელის მილანური კლუბიდან წასვლის თაობაზე აქტიურად წერს. როგორც ირკვევა, მას ხელმძღვანელობისგან განსხვავებული ხედვები აქვს.

„მილანმა“ ჩემპიონატის ლიდერს 0:2-დან 4:2 მოუგო. „იბრას“ გარდა, ლომბარდიელთა მხრიდან გოლები კესიმ, ლეაომ და რებიჩმა შეაგდეს. „როსონერიმ“ 49 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-5 ადგილზე აინაცვლა. სტეფანო პიოლის გუნდი შემდეგ ტურში ჯენარო გატუზოს „ნაპოლის“ სტუმრად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები