ნემანია მატიჩმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

ნემანია მატიჩმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სერბმა ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

31 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის შემდეგ, თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მარტში „წითელმა ეშმაკებმა“ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი აამოქმედეს და მატიჩთან მოლაპარაკებები დაიწყეს. საბოლოოდ, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ნემანია „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიადეს კლუბში თამაშს გავაგრძელებ. როგორც ფეხბურთელს, გუნდისთვის კიდევ ბევრის მიცემა შემიძლია და კარიერაშიც ბევრი რამ წინ მაქვს. მანჩესტერთან ერთად კი, წარმატების მიღწევა უდიდესი პატივი იქნება.

ჩვენ ახალგაზრდების და გამოცდილი მოთამაშეების მხრივ დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს და გუნდში მეგობრული სულისკვეთება სუფევს.

სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილს კარგად ვატარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ და გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ“.

შეგახსენებთ, რომ მატიჩის გადაბირებით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდებოდა და მისი საკუთარ რიგებში ხილვა MLS-ის წარმომადგენლებსაც სურდათ, თუმცა სერბი ფეხბურთელის ნომერ პირველი არჩევანი ყოველთვის „მანჩესტერი“ იყო.

31 წლის ნახევარმცველი „წითელ ეშმაკებს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა, კლუბის მაისურით 114 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები