Match TV: ფინალის შემდეგ შენგელია ცსკა-ს მოთამაშე გახდება
Aa
Aa

Match TV: ფინალის შემდეგ შენგელია ცსკა-ს მოთამაშე გახდება

რუსული Match TV-ის ცნობით ''ბასკონიას'' ქართველი კალათბურთელი კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. რუსული კლუბი 28 წლის ქართველ ფორვარდთან კონტრაქტს მიმდინარე კვირაში გააფორმებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა რუსული კლუბი 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის და ევროპაში მოთამაშეებიდან ერთ-ერთ საუკეთესოს გადაიბირებს.

16 ივნისს ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ თორნიკე შენგელიას კომენტარი გაავრცელა, ქართველი ლეგიონერი რუსულ კლუბში ტრანსფერს უარყოფდა: ''ახალი რა გითხრათ, ჩემი ფიქრები მხოლოდ ''ბასკონიას'' უკავშირდება, მხოლოდ ამ კლუბის წარმატებაზე ვარ კონცენტრირებული. მინდა კლუბს გამარჯვებების მიღწევაში დავეხმარო. 100 პროცენტით ''ბასკონიაზე'' ვფიქრობ. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს.''

შენგელიას კომენტარის მიუხედავად რუსული წყარო განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და კვირის ბოლომდე ქართველის მოსკოვურ კლუბში ტრანსფერს პროგნოზირებს. ცსკა-ს მძიმე ფორვარდი ანდრეი ვორონცევიჩი დატოვებს და ქართველი მის შემცვლელად ესახებათ.

დღეს, 30 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ''ბასკონია'' ''ბარსელონას'' შეხვდება. თუ მატჩი შენგელიას გუნდის გამარჯვებით დასრულდება, 28 წლის ქართველი ესპანეთს ჩემპიონის ამპლუაში დატოვებს. ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

28 წლის შენგელია 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ''ბრუკლინისა'' და ''ჩიკაგოს'' მოთამაშე იყო. 2014 წლიდან შენგელია ბასკური კლუბის ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, მოსკოვურ კლუბში მანუჩარ მარკოიშვილი 2014-15 წლებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები