Aa
Aa

NBA - ბრუკლინი მიმდინარე სეზონს უილსონ ჩენდლერის გარეშე ჩაამთავრებს

„ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელმა, უილსონ ჩენდლერმა სეზონის განახლების შემდეგ ორლანდოში გასამართ მატჩებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 33 წლის მსუბუქი ფორვარდი ESPN-ს ესაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზებით ახსნა.

„ჩემს თანაგუნდელებთან არყოფნა რა რთულიც არ უნდა იყოს, ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაინც უპირველესია. ბრუკლინ ნეთსს ჩემი გადაწყვეტილების გაგებისთვის და თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი გუნდის თამაშებს არ გამოვტოვებ და ბიჭებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებ“.

ვეტერანმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში „ბრუკლინის“ მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა. იგი საშუალოდ 5.9 ქულასა და 4.1 მოხსნას აგროვებს და პარკეტიდან 40.4, ხოლო პერიმეტრიდან 30.6 პროცენტით უტევს.

NBA-ის წესების მიხედვით, ჩენდლერის უარის შემდეგ, „ნეთსმა“ მისი შემცვლელის გაფორმების უფლება მიიღო და როგორც Yahoo Sports იტყობინება, „ბრუკლინმა“ არჩევანი ჯასტინ ანდერსონზე შეაჩერა.

ცნობისთვის, ჩენდლერი მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც ორლანდოში თამაშზე უარი თქვა. 33 წლის მსუბუქი ფორვარდი დავის ბერტანსს, ევერი ბრედლის, ტრევორ არიზასა და უილი კოლი-შტაინს შეუერთდა. დიდი ალბათობით, უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში არც დემარკუს კაზინსი გაემგზავრება. „ბუგი“ სარეაბილიტაციო პერიოდზე აპირებს აქცენტის გაკეთებას და პარკეტს მომდევნო სეზონში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები