იანსონი: ''ბეილს ტოტენჰემში გაშლილი მკლავებით დახვდებიან...კეინი საუკეთესო არ იყო''
Aa
Aa

იანსონი: ''ბეილს ტოტენჰემში გაშლილი მკლავებით დახვდებიან...კეინი საუკეთესო არ იყო''

ლონდონის ''ტოტენჰემის'' ექს-მეკარემ, ოსკარ იანსონმა ''დეზებში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელების, გარეტ ბეილისა და ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა. 29 წლის შვედი მეკარე, რომელმაც ინგლისურ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 2013 წლიდან ''იორებროს'' მოთამაშეა, tribalfootball-ს ესაუბრა.

იანსონი კონტრაქტის დასრულებამდე გარეტ ბეილის მადრიდის ''რეალიდან'' წასვლას გამორიცხავს: ''კარიერის სტარტზე ჰარისთან შედარებით ბეილს ვარსკვლავად გახდომის უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა. ეს ადვილი შესამჩნევი იყო. მასთან მიმართებაში არსებობდა მოსაზრება, რომ ის დაუჯერებელი ტალანტი იყო და ყველას ბეილის აფეთქების მოლოდინი ჰქონდა. ის ყოველთვის გუნდური წვრთნის შემდეგ დამატებით ვარჯიშობდა და საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა.

მახსოვს, როცა ''ტოტენჰემიდან'' ''რეალში'' მიდიოდა, მისი ცხოვრება არ იცვლებოდა, ფეხბურთელის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი წესების ერთგული იყო. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, შენ გჭირდება ახალი შანსი და როცა ამ შანსს იღებ, გამოწვევისთვის მზად უნდა იყო.

მას ''ტოტენჰემის'' ქომაგები ფართოდ გაშლილი მკლავებით დახვდებიან, თუმცა ვფიქრობ ''რეალს'' კონტრაქტის დასრულებამდე არ დატოვებს.''

30 წლის ბეილი ''საუთჰემპტონის'' აღზრდილია. 2007-13 წლებში ''ტოტენჰემის'' ღირსებას იცავდა. 2013 წელს კარიერა მადრიდის ''რეალში'' გააგრძელა. უელსელს ''სამეფო კლუბთან'' კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გასული წლიდან მოყოლებული მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიდანის გუნდს დაემშვიდობება.

''კეინი არ იყო ყველაზე სწრაფი ან ყველაზე ძლიერი. გუნდიდან ისეთი ფეხბურთელები რომ აგერჩია, რომლებიც ვარსკვლავები გახდებოდნენ, კეინი საუკეთესო შვიდეულშიც ვერ მოხვდებოდა. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავდა, ჰარი ძალიან კარგი იყო, მაგრამ იმდენად კარგი არა, როგორც სხვა თანაგუნდელები.

ჰარის საკუთარი თავის მოტივირების დიდი უნარი ჰქონდა. ის გუნდური ვარჯიშის შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

ის ყოველთვის შესანიშნავი ფორვარდი იყო, ბრწყინვალე შემსრულებელი, თუმცა არ იყო ისეთი კარგი მოთამაშე, როგორც გუნდის სხვა რამდენიმე წევრი.

ჰარი შეუპოვარი და მტკიცე იყო, ვარჯიშებს დიდი მონდომებით უდგებოდა, პროგრესი ყოველდღიურად სურდა და როცა გაანათხოვრეს, გოლები გაიტანა.''

ჰარი კეინი 2009 წლიდან ''ტოტენჰემის'' ფეხბურთელია. 26 წლის ფორვარდი ''დეზებმა'' ოთხჯერ გაანათხოვრეს: 2011 წელს ''ლეიტონში,'' 2012 წელს ''მილუოლში,'' 2012-13 წლების სეზონში ''ნორვიჩში'' და 2013 წელს ''ლესტერში.'' აღნიშნული ოთხი გუნდიდან ჰარი კეინი ყველაზე შედეგიანი ''მილუოლში'' იყო, რომლის მაისურით ჩემპიონშიფის 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები