რეკორდები, ფაქტები და ერთი უცნაურობა - ბარსას დაბრუნება პანდემიის შემდეგ
Aa
Aa

რეკორდები, ფაქტები და ერთი უცნაურობა - ბარსას დაბრუნება პანდემიის შემდეგ

ბუნდესლიგის განახლების შემდეგ, ფეხბურთის მილიონობით ქომაგს ლა ლიგაც დაუბრუნდა. პანდემიის შემდეგ, თავისი პირველი მატჩი ჩაატარა „ბარსელონამ“, რომელმაც სტუმრად „მალიორკა“ 4:0 დაამარცხა და ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

კატალონიელები შეხვედრის სტარტზე მსუბუქად და ლაღად თამაშობდნენ. საბოლოოდ კიკე სეტიენის გუნდმა 4 გოლი გაიტანა და საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები შექმნა. თავი ვიდალმა, ბრაიტვეიტმა, ალბამ და მესიმ გამოიჩინეს.

ხსენებულ მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა.

არგენტინელმა გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა და მორიგი რეკორდის ავტორი გახდა.

„ლა პულგასთვის“ ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-20 იყო და მან, ამ შედეგით ისტორიული მაჩვენებლის დაფიქსირება შეძლო. მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონში 20, ან მეტი გოლის გატანას ახერხებს.

გამორჩეული იყო მატჩი ივან რაკიტიჩისთვისაც, რომელმაც „ბარსას“ მაისურით მე-300 შეხვედრა ჩაატარა.

ხორვატის ანგარიშზე ამჟამად 35 გოლი და 39 საგოლე გადაცემაა. მთლიანობაში კი, მან 74 გოლში მიიღო მონაწილეობა. 2014 წელს „კამპ ნოუზე“ გადასულ შუახაზელს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მარტინ ბრაიტვეიტმა კი კლუბში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. დანიელს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეკარემ მისი კარგი თამაშის შემდეგ, უკეთესი რეაქცია გამოავლინა.

ტერ შტეგენმა კი გადაცემების 94% ზუსტად შეასრულა - 68-დან 64. ოპტას ცნობით, 2005-06 წლების სეზონის შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან, მეკარემ ასეთი შედეგი კონკრეტულ შეხვედრაში პირველად დააფიქსირა.

მნიშვნელოვანი გამოდგა მატჩი სერხიო ბუსკეცისთვისაც, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.

სერხიოსთვის „მალიორკასთან“ გამარჯვება ლა ლიგაში (264 მატჩიდან) მე-200 გამოდგა. აღნიშნული რეკორდი „რეალში“ ასპარეზობისას რონალდუს ეკუთვნოდა.

ამ მხრივ მეორე ადგილს ლეო მესი იკავებს, რომელსაც ჩემპიონატში 200 გამარჯვება 265 შეხვედრაში აქვს მოპოვებული.

და ბოლოს - შეხვედრის 53-ე წუთზე მოედანზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც არგენტინის ნაკრების 10 ნომრიან მაისურში იყო გამოწყობილი.

ვინ იყო ის და როგორ მოახერხა ეს ყველაფერი, დახურულ კარს მიღმა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართულ შეხვედრაში? ეს რთული სათქმელია, თუმცა იგი რამდენიმე დღით ევროპული პრესის სასაუბრო თემა ნამდვილად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები