ბარსელონამ რასინგი გაანადგურა - გულიაშვილმა 12 წუთი ითამაშა
ლა ლიგის მე-6 ტურში „ბარსელონამ“ გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს უშანსოდ მოუგო.
გულიაშვილმა შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო და მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 5:2 იყო. 89-ე წუთზე გუნდელს კარგად გაეხსნა და გატანა შეეძლო, თუმცა ზაბირიმ ეგოისტურად იმოქმედა და პასი არ გააკეთა, რასაც მომენტის გაცუდება და „ბარსას“ მხრიდან მე-7 გოლის გატანა მოჰყვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სანტანდერელების რბევა ჟოაუ კანსელუმ ულამაზესი შორეული გასროლით დაიწყო. პირველ ტაიმში ვიხილეთ რაფინიას დუბლი, ვილალიბრეს ავტოგოლი, გეიეს პრესტიჟის ბურთი და იამალის გაცუდებული პენალტი. ჯამში 4:1.
მეორე ტაიმში ზაბირიმ ანგარიში 2:4 გახადა, თუმცა „ბარსელონამ“ შეტევების მორიგი ტალღა წამოიწყო - რაფინიამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, თავისი გოლი გაბრიელ ჟესუსმა და ლამინ იამალმაც გაიტანეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რაფინია დასახელდა, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა კარიმ ადეიემის, რომელმაც 2 პენალტი აიკიდა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმითა და გატანილი 28 გოლით ლა ლიგას „ბარსელონა“ ლიდერობს. ფლიკის გუნდს 15 ქულით „რეალი“ მოსდევს. „რასინგი“ კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
მეშვიდე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას“ დაუპირისპირდება (23:00). „რასინგი“ ასევე სტუმრად ვიგოში „სელტას“ შეხვდება (20:30). ორივე მატჩი შაბათს 19 სექტემბერს გაიმართება.