ოფიციალურად - სეზონის ბოლოს კავანი და სილვა პსჟ-ს დატოვებენ
Aa
Aa

ოფიციალურად - სეზონის ბოლოს კავანი და სილვა პსჟ-ს დატოვებენ

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კლუბს 2 ლეგენდა 33 წლის ედინსონ კავანი და 35 წლის კაპიტანი ტიაგო სილვა დატოვებენ.

ორივე მათგანს კონტრაქტი უსრულდება და ისინი პარიზს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

აგვისტოში გასამართი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კავანი და სილვა ახალ გუნდებს მოძებნიან.

„ვიცი, რომ მას ესპანეთში თამაში სურს. ქვეყნის შესახებ ბევრ კითხვას მისვამდა. კარანტინის შემდეგ მასთან აღარ მისაუბრია და ამჟამად რა ვითარებაა არ ვიცი“, - ამბობს კავანის გუნდელი ანდერ ერერა.

კავანის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს დიეგო სიმეონე და მისი გუნდი იჩენენ. „ატლეტიკოს“ კონკურენციას სავარაუდოდ მილანის „ინტერი“ გაუწევს, რომელიც მალე ლაუტარო მარტინესს დაკარგავს. როგორც ცნობილია, არგენტინელი „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოსაა.

რაც შეეხება ტიაგო სილვას, მისი მომავალი კლუბის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კავანი კლუბის რეკორდსმენია. ურუგაველის ანგარიშზე 301 შეხვედრაში 200 გოლია. სილვამ კი პარიზელთა მაისურით 310 შეხვედრა ჩაატარა და თავი 15-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიელი წლებია გუნდის კაპიტანია და მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა, მან კლუბი მაინც არ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები