ჩივაძე მუნდიალზე - ქართველი კაპიტანი, ვინც მიუტევებელი შეცდომა გოლით გამოასწორა
Aa
Aa

ჩივაძე მუნდიალზე - ქართველი კაპიტანი, ვინც მიუტევებელი შეცდომა გოლით გამოასწორა

სსრკ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე 4 ქართველი ფეხბურთელი წაიყვანა: თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე (კაპიტანი) და ვიტალი დარასელია.

ბრაზილიასთან მარცხისა (1:2) და ახალ ზელანდიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ბესკოვის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში შოტლანდიას დაუპირისპირდა. მეტოქეს ჯონ სტეინი წვრთნიდა და სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა ითამაშა, გორდონ სტრაჩანმა, გრემ სუნესმა და სტივ არჩიბალდმა. შეხვედრა ანდალუსიაში, ''ლა როსალედაზე'' შედგა.

შოტლანდიელთა წინააღმდეგ დარასელიას არ უთამაშია, ხოლო შენგელია, სულაქველიძე და ჩივაძე სასტარტოში მოხვდნენ. მე-15 წუთზე ალექსანდრე ჩივაძე შეცდა, საკუთარ ნახევარზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და შანსი ჯო ჯორდანმა გამოიყენა. გუნდის ქართველმა კაპიტანმა შეცდომა მეორე ტაიმში გამოასწორა, მე-60 წუთზე შეტევა თავად წამოიწყო და გოლით დაასრულა, ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

84-ე წუთზე ბესკოვის გუნდი წინ გავიდა, შოტლანდიელმა ფეხბურთელებმა საკუთარ ნახევარზე შეუთანხმებლად ითამაშეს და მეკარესთან პირისპირ გასულმა რამაზ შენგელიამ შანსი გამოიყენა, მეკარეს გაცდა და ცარიელ კარში შეაგდო. 87-ე წუთზე გრემ სუნესმა საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში დაარტყა და დასაევმა ბურთის მოგერიება ვერ მოასწრო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ჯგუფიდან ბრაზილია და სსრკ გავიდნენ, ხოლო შოტლანდია და ახალი ზელანდია ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბესკოვის გუნდმა ბელგიას სძლია (1:0) და პოლონეთთან ფრედ (0:0) ითამაშა. ბურთების უარესი შეფარდების გამო ნახევარფინალში სსრკ-ს ნაკრები ვერ გავიდა, მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდს შორის პოლონეთი მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები