Aa
Aa

NBA-ის გეგმის დეტალები - რეგულარული სეზონი 16 დღეს გაგრძელდება, დღეში 5-6 შეხვედრა გაიმართება

ამერიკულ პრესაში NBA-ის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სეზონის განახლების შემდეგ იმოქმედებენ, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, გუნდები თავიანთ საწვრთნელ ბაზებზე ვარჯიშს 21 ივნისს დაუბრუნდებიან. კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება კი, 22 ივნისიდან დაიწყება.

7 ივლისს 22 გუნდი ორლანდოში გაემგზავრება და ადგილზე ჩასვლის შემდეგ კალათბურთელებსა და გუნდების თანამშრომლებს Covid-19-ზე ყოველდღიურად შეამოწმებენ.

რეგულარული სეზონი 31 ივლისს განახლდება და 16 დღეს გაგრძელდება. გუნდები 8 მატჩს ჩაატარებენ და დღეში 5-6 შეხვედრა გაიმართება. თითოეულ სტადიონზე მატჩებს შორის 4-საათიანი შუალედი იქნება, რათა ყველაფრის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მოხდეს და გუნდებს გასახურებლად საკმარისი დრო ჰქონდეთ.

რეგულარული სეზონის შემდეგ, თუ მე-8 და მე-9 ადგილოსან გუნდებს შორის მოგებათა ბალანსში სხვაობა 4-ზე ნაკლები იქნება, მინი-ტურნირს ვიხილავთ. მე-8 და მე-9 ადგილზე მყოფი გუნდები 2 შეხვედრას გამართავენ და მეცხრეადგილოსანს პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად ორივე მატჩის მოგება მოუწევს.

მინი-ტურნირის შემდეგ, პლეიოფების ჯერი დგება და ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრა ყველაზე გვიან შეიძლება 12 ოქტომბერს გაიმართოს. NBA-ის 2020 წლის დრაფტი 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ხოლო 2020-21 წლების სეზონი 1-ელ დეკემბერს დაიწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამ სილვერის თქმით, ასაკოვან მწვრთნელებს შესაძლოა მატჩებისას სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ მისცენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები