„კარის უკან დავდგები და შოთის დავეხმარები“ - არველაძე ტრაბზონული კარიერის გამორჩეულ მომენტზე
Aa
Aa

„კარის უკან დავდგები და შოთის დავეხმარები“ - არველაძე ტრაბზონული კარიერის გამორჩეულ მომენტზე

„ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „ტრაბზონში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ქართველმა სპეციალისტმა ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი დაასახელა და გულშემატკივრებს საინტერესო ისტორია გაანდო.

„ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო.

მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე.

მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა - წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო“, - დაწერა არველაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს „ტრაბზონის“ მაისურით 123 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 79 გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 24 შედეგიანი გადაცემაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები