ყველაფერი გადაწყდა - გიოზთეფეში გუგეშაშვილის კარიერა დასრულდა
ლუკა გუგეშაშვილისა და თურქული „გიოზთეფეს“ თანამშრომლობა როგორც მოსალოდნელი იყო - ცუდად სრულდება. ქართველი მეკარე ამ სეზონში მოედანზე გასვლის შანსს ვეღარ მიიღებს. ინფორმაციას ადგილობრივი fanatik-ი ავრცელებს.
„გიოზთეფეში, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერლიგაში ეიუპსპორთან გასვლითი მატჩისთვის სამზადისს განაგრძობს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილი - რომელიც მე-4 ტურის ბოლოს გუნდიდან მოკვეთეს და განაცხადიდან ამოიღეს - ჯერაც არ დაუბრუნებიათ.
გუგეშაშვილმა, რომელმაც „გაზიანთეფთან“ საკუთარ მოედანზე 2:4 მარცხისას ერთ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა და გულშემატკივრებისგან მწვავე პროტესტი მიიღო, სოციალურ ქსელში ფანების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
გიოზთეფეს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქართველი მეკარე განაცხადიდან ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი კვირა გავიდა, „ყვითელ-წითლებს“ უკან არ დაუხევიათ და გუგეშაშვილისთვის არ უპატიებიათ. მოელიან, რომ 27 წლის მეკარე, რომელიც გუნდს ზაფხულში ბერძნული „პაოკიდან“ იჯარით შეუერთდა, ზამთრის პაუზისას კლუბს დატოვებს. გუგეშაშვილის განაცხადიდან ამოღების შემდეგ, „გოზტეპეს“ კარში ადგილი კლუბის აკადემიის აღზრდილმა, არდა ოზჩიმენმა დაიკავა“.
- წერს თურქული გამოცემა.
როგორც კრისტალსპორტისთვის გახდა ცნობილი, ზემოხსენებული მატჩის შემდეგ, ე.წ. გულშემატკივრების ქცევა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, სტადიონზე სრული განუკითხაობა იყო. ლუკას ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც ტრიბუნიდან მატჩს თვალს ადევნდებდა, მთელი მატჩის მიმდინარეობისას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ლუკასთვის და მისი ოჯახისთვის სტადიონზე ძალიან მძიმე გარემო იყო...