Aa
Aa

ჯორდანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა - „გულწრფელად ვწუხვარ და გაბრაზებული ვარ"

„ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „ემჯეიმ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ძალიან დაწმუხრებული ვარ, გულწრფელად ვწუხვარ და უბრალოდ გაბრაზებული ვარ. ვხედავ და ვგრძნობ ყველა ადამიანის ტკივილს, აღშფოთებასა და იმედგაცრუებას. მხარს ვუჭერ მათ, ვინც მიუთითებს ფესვგადგმულ რასიზმსა და ძალადობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არათეთრკანიანი ადამიანების მიმართ არსებობს. ჩვენთვის ეს უკვე საკმარისია!

პასუხები არ მაქვს, მაგრამ ჩვენი ერთობლიობა გამოხატავს სიძლიერეს და იმას, რომ სხვებს ჩვენი გაყოფა არ შეუძლიათ. აუცილებელია ერთმანეთს მოვუსმინოთ, თანაგრძნობა გამოვიჩინოთ და სისასტიკეს ზურგი არასდროს შევაქციოთ.

უსამართლობის მიმართ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და მოვითხოვოთ, რომ პასუხისმგებლობის აღება მოხდეს. ჩვენმა ერთობლიობამ ქვეყნის ლიდერებზე წნეხი უნდა განახორციელოს, რათა კანონები შეიცვალოს, ან ხმის მიცემის უფლება უნდა გამოვიყენოთ, რათა სისტემური ცვლილებები გავატაროთ. თითოეული ჩვენგანი პრობლემის გადაჭრის ნაწილი უნდა იყოს და აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშავოთ, რათა სამართლიანობა ყველასთვის აღდგეს.

თანავუგრძნობ ჯორჯ ფლოიდის ოჯახსა და უამრავ სხვა ადამიანს, რომელთა სიცოცხლეც რასიზმისა და უსამართლობის სასტიკ და უაზრო გამოვლინებას ემსხვერპლა“.

ცნობისთვის, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები