ირმა ჭკადუა:
Aa
Aa

ირმა ჭკადუა: "ჯოკოვიჩის დაკითხვის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება"

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნოვაკ ჯოკოვიჩს არ დაიკითხავენ. ინფორმაციას ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ავრცელებს.

Criystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : 

"მსოფლიოს 27 ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, იურისტების განმარტება: დღეს, ელექტრონულ მედიასაშუალებებში, გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ჟურნალისტთან, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ადრეული ასაკიდან, უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან, გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება. ამისათვის, ვგეგმავთ, არაერთ ცნობილ სპორტსმენთან, ამ მიზნით, კომუნიკაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია, წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ.

ვფიქრობთ, ამ თემის, ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას, მედიასთან, მით უფრო დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით."

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა.

24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები