Aa
Aa
25 მაისი 2020  |  09:38

ნიუ იორკის შტატის სპორტულ გუნდებს ვარჯიშების განახლების უფლება მისცეს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ადგილობრივ სპორტულ გუნდებს საწვრთნელი ბაზების გახსნისა და ვარჯიშების განახლების ნება დართო. ოღონდ მათ სპეციალურად შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის დაცვა მოუწევთ.

ESPN-ის ინფორმაციით, „ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელებს, რომლებმაც ვარჯიშის განახლება ნებაყოფლობთ გადაწყვიტეს, კომპლექსში მისვლა 26 მაისიდან შეეძლებათ.

„ნეთსისგან“ განსხვავებით, „ნიუ იორკ ნიქსს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ნიქსის“ კალათბურთელებს შეატყობინეს, რომ გუნდი ივნისის დასაწყისში ვარჯიშების განახლებას გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ NFL-ის გუნდებს, „ნიუ იორკ ჯაიანთსა“ და „ნიუ იორკ ჯეთსს“ საწვრთნელი ბაზები ნიუ ჯერსიში აქვთ, ამიტომ კუომოს გადაწყვეტილება მათზე არ იმოქმედებს. MLB-ის გუნდებს რაც შეეხებათ, „ნიუ იორკ მეთსი“ და „ნიუ იორკ იანკისი“ საგაზაფხულო ვარჯიშებს სხვა შტატებში ატარებენ, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები