გია გურული VS ჟორჟ ვეა: ქართველის ბრწყინვალე გოლი პსჟ-სთან
Aa
Aa

გია გურული VS ჟორჟ ვეა: ქართველის ბრწყინვალე გოლი პსჟ-სთან

საფრანგეთის ლიგა 1-ის 1992-93 წლების სეზონში ''ლე ავრის'' ქართველმა ფორვარდმა გია გურულმა ჩემპიონატის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ყველაზე აღსანიშნავი პსჟ-სთან მატჩში ბერნარდ ლამას კარში გატანილი გოლია. იმ პერიოდში პარიზულ გუნდს არტურ ჟორჟე წვრთნიდა და გუნდში არაერთი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი ირიცხებოდა. მათ შორის იყვნენ ჟორჟ ვეა, ბრაზილიელი ვალდო, დავიდ ჟინოლა და პოლ ლე გუენი.

საინტერესოა, რომ გურულის თანაგუნდელი ''არსენალის'' ამჟამინდელი ფორვარდის, ობამეიანგის მამა პიერე იყო.

''ლე ავრისა'' და პსჟ-ს შეხვედრაში ანგარიში გია გურულმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა. საპასუხო გოლი ჟორჟ ვეამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

გია გურული პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მაღალი დონის ევროპულ ჩემპიონატში წარმატებით ითამაშა. საფრანგეთში გადასვლამდე გურულმა პოლონური ''კატოვიცეს'' მაისურით ძალიან წარმატებული მატჩები ჩაატარა და 1992 წელს ''ლე ავრიში'' გადავიდა.

1992-94 წლებში გურულმა საფრანგეთის ლიგა 1-ში ''ლე ავრის'' მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი შეაგდო. 1994-97 წლებში ლიგა 2-ის ''დუნკერში'' ასპარეზობდა. მისი ბოლო კლუბი ფრანგული ''კალე'' იყო.

2004-05 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრანგი ალან ჟირესი წვრთნიდა, რომელსაც ასისტენტობას გია გურული უწევდა.

მსგავსი სიახლეები