ევროლიგის საიტის სტატია შენგელიაზე - კალათბურთელი, რომელსაც ძალიან ცოტა სუსტი მხარე აქვს
Aa
Aa

ევროლიგის საიტის სტატია შენგელიაზე - კალათბურთელი, რომელსაც ძალიან ცოტა სუსტი მხარე აქვს

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა „ბასკონიას“ ქართველ კალათბურთელს, თორნიკე შენგელიას საკმაოდ საინტერესო სტატია მიუძღვნა. თოკო რუბრიკაში, სახელად Signature Moves-ში მოხვდა და ევროლიგის ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც ალექსეი შვედი, სერხიო როდრიგესი, მაიკ ჯეიმსი, ნიკ კალატესი, ნიკოლა მიროტიჩი, გეორგიოს პრინტეზისი, ნანდო დე კოლო და ჯეისი კეროლი არიან.

***

„ბასკონიას“ კალათბურთელი, თორნიკე შენგელია არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მძიმე ფორვარდი. წლების განმავლობაში მან თავისი არსენალი გაზარდა და უნივერსალურ კალათბურთელად ჩამოყალიბდა,  რომელსაც ძალიან ცოტა სუსტი მხარე აქვს. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მას განსაკუთრებულს ხდის, გახლავთ ის, რომ შენგელია ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს. ეს კი, საშუალებას აძლევს პარკეტზე, ბურთთან ერთად გამთამაშებელივით სწრაფად გადაადგილდეს და სწრაფი შეტევა ჩატენვით დაასრულოს, ან 3 ქულის მოპოვების შანსი მიიღოს.

შენგელია უფრო სწრაფია, ვიდრე მძიმე ფორვარდების უმრავლესობა და უფრო მეტი გამძლეობაც აქვს, რასაც მშვენივრად იყენებს. თოკო პარკეტზე სწრაფად გადაადგილებისა და დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს მარტივი ქულების აღების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს.

თორნიკე შენგელიას მხოლოდ მოძრავ მძიმე ფორვარდად წარმოდგენა ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის დაკნინება იქნება. შენგელია ფართან ზურგით, ე.წ ლოუ პოსტში, ჩინებულად თამაშობს და შესანიშნავი მოძრაობები აქვს, რომელთა შორის „შემობრუნებით სროლა“ გამოირჩევა. შენგელიამ პერიმეტრიდან სროლაც გააუმჯობესა და მიმდინარე სეზონში უკვე უფრო მეტი სამქულიანი ჩააგდო(34. იგულისხმება ევროლიგა), ვიდრე, 2017-18 წლების სეზონში, როცა ამ კატეგორიაში პირადი რეკორდი დაამყარა(25).

თორნიკე პარკეტზე სწრაფად გადაადგილდება და ეს დაცვიდან შეტევაში გადასვლისას გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს. მას შეუძლია საკუთარი ფარიდან მეტოქის ფართან ბურთი სწრაფად მიიტანოს და სამწამიანში შეტევა შედეგიანად დაასრულოს. შენგელია მეტოქე გუნდის მაღლებზე სწრაფია და ამის ხარჯზე იგი სწრაფი შეტევისას ქულების მოსაპოვებლად იდეალური ვარიანტია, რადგან ყოველთვის თავის მეურვეზე წინაა. მას სამწამიანში შესვლის არ ეშინია და ფარს მაშინაც კი, უტევს, როცა სამწამიანში ხალხმრავლობაა. შენგელია „ბასკონიას ხასიათის“ იდეალური მაგალითია.

თოკოს პროგრესი და მისი გავლენა ბასკონიას თამაშზე 2019-20 წლების ევროლიგის სეზონში დაფიქსირებულ სტატისტიკაში კარგად ჩანს. შენგელიამ თავისი საშუალო 11.4-დან 15.9 ქულამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში საშუალოდ ნასროლი 2-ქულიანების რაოდენობით ევროლიგაში მესამეა (8.3) და უფრო მეტ სამიანს ისვრის, ვიდრე აქამდე ისროდა (3.1), მიმდინარე სეზონში პარკეტიდან მაინც მაღალი პროცენტით უტევს. (ორქულიანები - 58.6 პროცენტი, სამიანები - 39.1 პროცენტი).

თოკოს ბურთი ხშირად აქვს, რადგან პასებს ბევრად უკეთ არიგებს, რაზეც მისი ასისტების საშუალოც მეტყველებს, რომელიც 1.6-დან 2.9-მდე გაიზარდა. მოხსნები კვლავ შენგელიას ძლიერი მხარეა(5.6 მოხსნა მატჩში, ამ კომპონენტში ევროლიგაში მე-11 ადგილს იკავებს) და ის გუნდს დაცვაშიც ეხმარება (საშუალოდ 1 ჩაჭრა მატჩში). შენგელიას მომდევნო ნაბიჯი?! საჯარიმო სროლების პროცენტის გაუმჯობესება. კარიერაში იგი საჯარიმო სროლების 70.4 პროცენტს აგდებს, მიმდინარე სეზონში კი, 76.9-ს.

შენგელია, რომელიც 2017-18 წლების სეზონში ევროლიგის პირველ გუნდში მოხვდა, მომდევნო წლების განმავლობაში ევროლიგის MVP-ის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები