დაუვიწყარი მატჩი: გამარჯვება მოსკოვში გოგიჩაიშვილის საოცარი გოლით
Aa
Aa

დაუვიწყარი მატჩი: გამარჯვება მოსკოვში გოგიჩაიშვილის საოცარი გოლით

1989 წლის 9 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 24-ე ტურში თბილისის ''დინამომ'' კახი გოგიჩაიშვილის ბრწყინვალე გოლით სტუმრად, ''ლუჟნიკის'' სტადიონზე ოლეგ რომანცევის მოსკოვის ''სპარტაკი'' დაამარცხა (0:1).

სტუმართა შეტევა გელა კეტაშვილმა ჩაშალა, გოგიჩაიშვილმა რეიდი საკუთარი ნახევრიდან დაიწყო, მეტოქის საჯარიმომდე ჩავიდა, ორი მცველი მოატყუა და შეტევა თავად დაასრულა. გოგიჩაიშვილმა გოლი ცნობილ რუს მეკარეს, სტანისლავ ჩერჩესოვს გაუტანა.

მოსკოვური კლუბი სსრკ-ს ჩემპიონობისთვის იბრძოდა. გარდა ამისა, 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე თვე იყო გასული და შეხვედრა დიდ მნიშვნელობას ატარებდა. ასეთ მატჩებში მოპოვებულ გამარჯვებებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

გოგიჩაიშვილი თბილისის ''დინამოს'' ღირსებას 1988-91, 1995-97 და 1998-99 წლებში იცავდა. უნიჭიერესმა ნახევარმცველმა ევროპაში წარმატებული კარიერა ვერ შეიქმნა. გარკვეული პერიოდი ებრაულ და რუსულ გუნდებში ასპარეზობდა. მან კარიერა თბილისის ''მერანში'' 2003 წელს დაასრულა.

გოგიჩაიშვილმა 1992-00 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი 1992 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის პროფესია აირჩია. 2014-15 წლებში თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი იყო, ამჟამად კი ზუგდიდის ''დინამოს'' ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები