Aa
Aa

„მდგომარეობა მძიმეა" - ხაბიბის მამა კომაშია

რუსული პრესის ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

SportExpress.ru ოჯახთან დაახლოებული პირის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ აბდულმანაპს დაღესტანში ცუდად უმკურნალეს, რის შემდეგაც თვითმფრინავით მისი მოსკოვში გადაყვანა გახდა საჭირო. წყაროს მიხედვით, ხაბიბის მამა კომაშია და ექიმები ოჯახის წევრებს მის პალატაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ინფორმაცია „არწივის“ მეგობარმა, ისლამ მახაჩევმაც დაადასტურა და „ინსტაგრამის“ ლაივისას განაცხადა: „ხაბიბს ყოველდღე ვესაუბრები და აბდულმანაპის ჯანმრთელობის შესახებ ვეკითხები. ის კი, მპასუხობს, რომ მდგომარეობა მძიმეა. დაღესტანში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და ხაბიბის მამა მოსკოვში გადაიყვანეს. ამჟამად კი, მისი მდგომარეობა მძიმეა“.

რუსული პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას UFC-ის პრეზიდენტი, დეინა უაითი და კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურნენ. მათ ხაბიბს თანადგომა გამოუცხადეს და აბდულმანაპს გამოჯანმრთელება უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის ნურმაგომედოვი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. მას გულის პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები