Aa
Aa

"თუკი სერენა მთხოვს"... - ვოზნიაცკიმ ჩოგბურთში დაბრუნებაზე იხუმრა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კაროლინ ვოზნიაცკი აქტიურ სპორტში დაბრუნებას არ გამორიცხავს. დანიელმა ვარსკვლავმა ამის შესახებ ნახევრად ხუმრობით გუშინ განაცხადა და ახსნა, კარიერას რა შემთხვევაში განაახლებს.

„კარიერა იანვარში დავასრულე, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, სამომავლოდ რის გაკეთებას ვაპირებ. საკუთარ თავს მწვრთნელის ამპლუაში ვერ ვხედავ, ეს საჩემო პროფესია არაა, ძალების მოსინჯვა უფრო ტელევიზიაში მსურს და, სავარაუდოდ, ამ საქმით დავკავდები კიდეც.

კარგად მახსოვს, ოკლენდის წყვილთა ტურნირში სერენასთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ კორტზე მხოლოდ ტაქტიკას არ განვიხილავდით, უბრალოდ ვსაუბრობდით და ეს ძალიან კარგი იყო.

ზოგადად, ოკლენდის წლევანდელი გათამაშება ჩემს მეხსიერებაში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ტურნირის ასოციაციით დარჩება. იმდენად მომეწონა, რომ ჩემთვის ვფიქრობდი იმაზე, მე და სერენა იქამდე წყვილებში თამაშზე რატომ არ დავფიქრებულვართ.

ასე რომ, მართალია, კარიერის დასრულების შემდეგ არ მივარჯიშია, მაგრამ თუკი სერენა მთხოვს, შესაძლოა, ჩოგბურთში დავბრუნდე და წყვილთა შორის კიდევ რამდენიმე ტურნირი ვითამაშო“.

ვოზნიაცკი და უილიამსი დიდი ხანია ახლო მეგობრები არიან, თუმცა წყვილთა შორის ერთად წელს პირველად ითამაშეს. მათ ოკლენდში ფინალამდე გააღწიეს, მაგრამ იქ მუჰამადისა და თაუნსენდის დუეტთან ორ სეტში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები