ვიტსელის მომდევნო კლუბი ცნობილია!
იტალიური გამოცემის "Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ზენიტის" ხელმძღვანელობა მზად არის, რომ კლუბის ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი ტურინის "იუვენტუსში" გაყიდოს.
კლუბებს შორის აღნიშნული ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა მხარეებმა საერთო ენის გამონახვა მხოლოდ ახლა მოახერხეს. სანკტ-პეტერბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიტსელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და აღნიშნულ ტრანსფერს ხელს პრაქტიკულად აღარაფერი უშლის.
თუ რა თანხა იქნება ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუვენტუსის" მხრიდან გადახდილი, ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ "ზენიტის" ხელმძღვანელობამ 18 მილიონიან წინადადებაზე უარი განაცხადა. ტრანსფერის ღირებულება სავარაუდოდ 20-დან 22 მილიონ ევრომდე იქნება.