„მეგონა ტაშს მე მიკრავდნენ" - როდმანი კიმ ჩენ ინთან პირველ შეხვედრას იხსენებს
სკანდალურად ცნობილი კალათბურთელი, დენის როდმანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად ყველაფერი მაიკ ტაისონის პოდკასტში, Hotboxin-ში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც როდმანმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
„პირველად, როცა კიმ ჩენ ინს შევხვდი ჰარლემ გლობტროტერსთან ერთად ვიყავი. მახსოვს, არ ვთამაშობდი და ჩემთან რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მითხრეს მათ გავყოლოდი. მეგონა ციხეში აღმოვჩნდებოდი და მათ ვეკითხებოდი: „ამერიკაში რა ჯანდაბა დავაშავე“?
ტრიბუნებზე ავედი და ერთ-ერთ წინა მაგიდასთან დავჯექი. იქვე სამეფო ტახტის მსგავსი დაახლოებით 20 სკამი იყო. ამის შემდეგ, 22 000 ჩრდილოეთ კორეელი წამოდგა და ტაშის დაკვრა დაიწყო. ჩავთვალე, რომ აპლოდისმენტები ჩემი მისამართით იყო და პასუხად შეკრებილ პუბლიკას ხელი დავუქნიე. ამ დროს ვიღაცამ მითხრა: „შენ არაფერ შუაში ხარ“. და თითის გაშვერით მანიშნა, რომ აპლოდისმენტების ადრესატი კიმ ჩენ ინი გახლდათ. ამის შემდეგ, ვკითხე: „ეს ბიჭი ვინაა“. მან მიპასუხა: „ის ჩვენი ლიდერია“! რის შემდეგაც ვუთხარი: „რისი ლიდერია“?
შეგახსენებთ, რომ როდმანი კიმ ჩენ ინს თავის მეგობარს უწოდებს და ამის გამო ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა თავად დენისი აცხადებს, რომ მშვიდობის დასამყარებლად და აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იბრძვის.