Aa Aa
8 მაისი 2020  |  09:30

„მილუოკი რასისტი გუნდია" - იანისს ტვიტერის ანგარიში გაუტეხეს

„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკოუნმპო ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბერძენ კალათბურთელს „ტვიტერის“ ანგარიში გაუტეხეს და მისი სახელით შეურაცხმყოფელი და რასისტული პოსტები გამოაქვეყნეს.

რამდენიმე წამის ინტერვალით იანისის გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტები გაჩნდა: „კორონავირუსის დიაგნოზი დამისვეს. აზიელებს ვერ ვიტან“. „კობი ბრაიანტის დედაც“. „მილუოკი რასისტი გუნდია. თუ მატჩში 60 ქულას ვერ ჩავაგდებ, ისინი შავკანიან მონას მიწოდებენ“. და ა.შ.

შეტევიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ, იანისმა საკუთარ ანგარიშზე წვდომა დაიბრუნა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მოგესალმებით ყველას. დავბრუნდი და მინდა რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაურო. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გავხდი და ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პოსტები, რომლებიც ჩემი სახელით გამოქვეყნდა, კატეგორიულად მიუღებელი იყო. იმედგაცრუებული ვარ და ჩემში ზიზღს იწვევს ვიღაცას ისეთი საშინელებების თქმა რომ შეუძლია, როგორიც ითქვა. თავს საშინლად ვგრძნობ ბაქსი, კრისი, ლებრონი და კარის ოჯახი ამაზრზენ და არასწორ პოსტებში რომ მოიხსენიეს. განსაკუთრებით ბრაიანტის ოჯახის გამო ვწუხვარ. ამ რთულ პერიოდში, მათ მიმართ ასეთი ნეგატიური და საშინელი ქმედება არ უნდა განხორციელებულიყო. დიდი მადლობა ყველას ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის. გთხოვთ, უსაფრთხოდ იყავით“.

იანისის ძმის, კოსტას ანტეტოკოუნმპოს ინფორმაციით, „ტვიტერის“ გარდა, „გრიკ ფრიკს“ ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ბანკის ანგარიშებიც გაუტეხეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები