„არავითარი ჯარიმა“ - როგორ ასწავლეს რონალდუს პასების დროულად გაკეთება
Aa
Aa

„არავითარი ჯარიმა“ - როგორ ასწავლეს რონალდუს პასების დროულად გაკეთება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დარენ ფლეტჩერმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. შოტლანდიელის თქმით, „ოლდ ტრაფორდზე“ ახლად გადასული რონალდუ პასებს დროულად არ აკეთებდა და ბურთს ზედმეტად დიდხანს ათრევდა, მაგრამ გუნდში უოლტერ სმიტის მისვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.

„რონალდუს თავიდან ძალიან გაუჭირდა. იგი ბურთს ხშირად ათრევდა და გადაწყვეტილების დროულად მიღება არ გამოსდიოდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ პრობლემებს არ გაურბოდა და სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებდა. საბოლოოდ იგი უმაღლესი დონის პროფესიონალად და ნამდვილ მონსტრად იქცა, მაგრამ ორი აზრი არაა, რომ ამაში მას მანჩესტერიც დაეხმარა.

რონალდუს ტრანსფორმაციაში დიდი წვლილი უოლტერ სმიტმა შეიტანა. ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო შტაბში მოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ვარჯიშები ჯარიმების გარეშე უნდა ჩატარებულიყო. სანამ ის მოვიდოდა, რბილ უხეშობას ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ ხისტი თამაშის შემთხვევაში ჯარიმა იდებოდა. მისი მოსვლის შემდეგ, კი ჯარიმები საერთოდ გაუქმდა. დარწმუნებული ვარ მან ეს გადაწყვეტილება რონალდუს გამო მიიღო.

ორი კვირის შემდეგ, კრიშტიანუ გაგიჟდა: „ვინაა ეს შოტლანდიელი ბიჭი? რა ჯანდაბა ხდება“? მანჩესტერის ფეხბურთელები ვარჯიშებზე ხშირად უხეშობდნენ, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, როცა გაიგეს, რომ ჯარიმების გარეშე შეეძლოთ თამაში?!

სმიტის წყალობით, ბურთის დიდხანს თრევას და პასების დროულად არ გაკეთებას აზრი დაეკარგა. რონალდუ კი ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირდა. მან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ ნებისმიერი უხეშობა დაუსჯელი დარჩებოდა და სწრაფი გადაცემების გაკეთება დაიწყო. ამის შემდეგ, კი, ძალიან მოუმატა. კრიშტიანუს უფრო მეტი გოლი გაჰქონდა და სახიფათო მდგომარეობაშიც უფრო ხშირად რჩებოდა.

კარგად მახსოვს, ორი კვირის განმავლობაში ის განრისხებული იყო. ბიჭები ერთმანეთის წინააღმდეგ სისტემატურად უხეშობდნენ და რონის ფეხებში ხშირად ურტყამდნენ, მაგრამ პორტუგალიელი შექმნილ მდგომარეობას მალევე შეეგუა, სწრაფი პასების გაკეთება დაიწყო და ბურთის გარეშე სირბილს მოუხშირა.

ხალხი სერ ალექს ფერგიუსონის გენიალურობაზე სისტემატურად საუბრობს, მაგრამ ჩემი აზრით, უოლტერ სმიტი მას ბევრით ნამდვილად არ ჩამორჩება“.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ „მანჩესტერის“ ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა და ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები