Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში მინიტურნირად? - უეფა ვარიანტებს განიხილავს

უეფა-ს წარმომადგენლები 23 აპრილს სპეციალურ შეხვედრას გამართავენ და ევროტურნირების სეზონის ჩამთავრების გზებს განიხილავენ.

მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ორი მთავარი ვარიანტია აქტუალური.

პირველი სცენარის მიხედვით, რომელიც ჩემპიონატების დაახლოებით ივნისში განახლებას გულისხმობს, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური მატჩები ჩვეულებრივად, ორმატჩიან დაპირისპირებებად, ივლისსა და აგვისტოში უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი - 29 აგვისტოს, ხოლო ევროპა ლიგისა 3 დღით ადრე ჩაინიშნება.

რაც შეეხება მეორე სცენარს, ამ შემთხვევაში, ევროტურნირების ფლეი-ოფები შიდა ჩემპიონატების სეზონების დასრულების შემდეგ დაიგეგმება. ოღონდ, მეოთხედფინალ-ნახევარფინალები უკვე ერთმატჩიანი გახდება. მივიღებთ რამდენიმეკვირიან მინიტურნირს, რომლის ყველა მატჩი სტამბულში ჩატარდება - ეს ყველაფერი აგვისტოში მოხდება.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ არც ერთ ევროტურნირზე, ჯერჯერობით, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე არ გამოვლენილა. ჩემპიონთა ლიგაზე 4 მერვედფინალური მატჩი დარჩა გასამართი, ხოლო ევროპა ლიგის ამავე ეტაპის ერთბაშად 10 შეხვედრაა ჩასატარებელი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავის 55-ვე ქვეყნის სუბიექტებთან ერთად, უეფა ამ საკითხების შესახებ მომავალ ხუთშაბათს ჩანიშნული ვიდეოკონფერენციისას იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები