Aa Aa
11 აპრილი 2020  |  16:59

''ნატახტარში პურს უფასოდ ვარიგებთ'' - შერმადინის ქველმოქმედება და დღეები იზოლაციაში

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ''ტენერიფეს'' ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის ინტერვიუ გამოაქვეყნა. 31 წლის კალათბურთელი ქომაგებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს, საკლუბო თუ სანაკრებო კარიერაზე. ასევე, სასიხარულოა, რომ გიორგი შერმადინი და მისი ძმა ნახტარტში თონის პურს გარკვეულ დღეებში უფასოდ არიგებენ და ცდილობენ თანასოფლელებს პანდემიით შექმნილი მძიმე ვითარება შეუმსუბუქონ. 

გიორგი შერმადინი:''ბოლო მატჩი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ 10 მარტს ბელგიაში, ოსტენდესთან და იქიდან ტენერიფეში რომ დავბრუნდით, მეორე დღეს დაგვიბარეს დარბაზში. მანამდე, როგორც ჩანს, ესპანეთის ლიგის ხელმძღვანელობას კომუნიკაცია ჰქონდა გუნდების ხელმძღვანელებთან ჩემპიონატის შეჩერებასთან დაკავშირებით და მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე გაგვაცნეს. გუნდის მწვრთნელმა გვითხრა, რომ საფრთხე სერიოზულია და ცოტა ხნით, დაახლოებით 2 კვირით ვაჩერებთ როგორც ვარჯიშებს, ასევე ჩემპიონატის თამაშებსო. ყველანი უნდა დავრჩენილიყავით იზოლაციაში და არ გვქონოდა პირადი კონტაქტები არც გუნდელებთან და არც სხვებთან. გვითხრეს, რომ მალევე, დაახლოებით 2 კვირაში დავუბრუნდებოდით ჩვეულ სავარჯიშო რიტმს, მაგრამ იმის მერე გავიდა 1 თვე და ისევ იზოლაციაში ვრჩებით. გუნდის ხელმძღვანელობა არაფერს, უფრო სწორედ კი ვერაფერს ამბობს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ რაც ხდება ესპანეთში და ზოგადად, მსოფლიოში. არ ვიცი, რა იქნება, გაგრძელდება ვარჯიშები თუ სეზონი დასრულებულად გამოცხადდება, ამას ალბათ მალე გავიგებთ.''

 შეწყვეტილი ვარჯიშები და შეგუება იზოლაციასთან

– წარმოიდგინე, რა რთულია, ასე უცებ, ინტენსიური ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ, გვეუბენბიან, მორჩა, უნდა იჯდეთ სახლშიო. არა მარტო მე, ყველა ჩემი გუნდელი და ზოგადად, სპორტსმენი ასეთი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა და მოგვიწია სახლში გამოკეტვა. ძალიან რთული იყო საწყისი დღები – ასე აბსოლუტური უვარჯიშებლობის გამო ამტკივდა კუნთები, წელი, მუხლები… თუმცა რამდენიმე დღეში შეძლებისდაგვარად დარეგულირდა სიტუაცია. დავიწყე ვარჯიში, დარბაზიდან მომიტანეს ტრენაჟორი, ველოსიპედი და ასევე “ტენერიფეს” ფიზ-მომზადების მწვრთნელმა ყოველდღიურად დაიწყო ვიდეო-ვარჯიშების  გამოგზავნა  WhatsApp-ში. ნელა-ნელა შევეგუე ასეთ ვარჯიშებს და უმოქმედობით გამოწვეული ტკივილებიც უკან მოვიტოვე.

ერთფეროვანი ყოველდღიურობა

– ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. ვარჯიშის გარდა რა უნდა გავაკეთო, მე და ჩემი მეუღლე ვარ ბავშვებთან სახლში, მერე გავდივართ გარეთ, პატარა ბაღი გვაქვს და ვცდილობთ იზოლაცია გავიმრავალფეროვნოთ. ძალიან გვეხმარებიან ჩემი მეუღლის, ანას დედა, რომელიც ჩვენთანაა და რა თქმა უნდა, ბავშვების ძიძა. სიმართლე გითხრათ, თავიდან, კარგა ხანი არ იყო ამინდები და ბოლო რამდენიმე დღეა, ძალიან დაცხა, რის გამოც უმეტესად ეზოში, ჰაერზე ვართ. ვერთობით სხვადასხვა თამაშებით, ბავშვები სწავლობენ და ვართ ასე, როგორც ყველა იზოლიაციაში მყოფი ოჯახი.

ვირტუალური “ტენერიფე”

– მართლა კარგი გუნდი გვყავს, ძალიან კარგი ბიჭები არიან. საშუ სალინი და დანი დიეზი შარშანაც ჩემს გუნდში იყვნენ და მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. “ტენერიფეს” აქვს ოფიციალური ჯგუფი WhatsApp-ში, სადაც ასევე გუნდის ექიმები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები არიან და ყოველდღიურად ვკონტაქტობთ, თუმცა უშუალოდ მოთამაშეებს ცალკე ჯგუფი გვაქვს შექმნილი, სადაც უფრო ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთის ამბებს. მისვლა-მოსვლა გამორიცხულია. ისევე როგორც მე, ყველა იცავს იზოლაციის წესს და სახლის ტერიტორიას არ ტოვებენ. ყველას იმის იმედი გვაქვს, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ საქმიანობას.

უფასო პური ნატახტარში

– ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო გვინდოდა, ხალხს რამენაირად დავხმარებოდით. მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ნატახტარში, სადაც სოსოს საოჯახო თონე აქვს, პერიოდულად პურს უფასოდ დაარიგებდა ჩვენს თანასოფლელებზე და ყველაზე, ვინც თონეში მოვიდოდა. ძალიან ბევრი მადლობა მივიღეთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ იმ ოჯახებს ნაწილობრივ შევუმსუბუქეთ ყოფა, ვისაც უჭირს. ამ პროცესს ჩემი ძმა უძღვება და კიდევ გეგმავს დღეებს, როცა ნატახტრის თონიდან პურს უფასოდ დაარიგებს.

მადლობა ექიმებს და კორონავირუსთან მებრძოლ საქართველოს

– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ექიმებს, რომლებიც გმირულად ებრძვიან ამ დაავადებას. მათი და სახელმწიფო სამსახურების, მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რომ ვირუსი ისე ელვისებურად არ ვრცელდება საქართველოში, როგორც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია და რომ ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა კვლავ გააგრძელებს იმ რეკომენდაციების დაცვას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები გასცემენ და ძალიან მალე მოვახერხებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. მიხარია, რომ საქართველოში გრძელდება სტრატეგიული სამშენებლო სამუშაოები, რომელთა რიცხვშიც ის დარბაზიც შედის, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის თამაშები უნდა გაიმართოს. მადლობა მშენებლებს და ყველა იმ ორგანიზაციასა თუ სამსახურს, რომლებიც ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ევრობასკეტი საქართველოში

– ძალიან ვამაყობ, რომ ყველა იმ ევროპის ჩემპიონატზე მითამაშია, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო. აქამდე 4-ჯერ გავედით ევრობასკეტზე და ბედნიერი ვარ, რომ მეხუთე ჯერზე სამშობლოში, თბილისში ვითამაშებთ. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მაგარი შანსი, ყველა ის შედეგი გავაუმჯობესოთ, რისთვისაც აქამდე საერთაშორისო სარბიელზე მიგვიღწევია. წარმომიდგენია, რამდენ გულშემატკივარს სურდა გვერდში დაგვდგომოდა და ამას ვერ ახერხებდა, როცა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სათამაშოდ ლიეტუვაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ისრაელში მიემგზავრებოდა. ახლა კი არსად მივდივართ და ჯგუფური ეტაპის თამაშებს თბილისში ჩავატარებთ, რაც იქნება დიდი ზეიმი ყველა გულშემატკივრისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!