UFC-ის ყოფილი მებრძოლი კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი მებრძოლი კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის

ფილიპ ნოვერი UFC-ის ყოფილი მებრძოლია, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, ექთანი გახდა და ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს. როგორც მოგეხსენებათ, ნიუ იორკის შტატში უმძიმესი მდგომარეობაა და კორონავირუსით ინფიცირების 75000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ნოვერი კი, COVID-19-ს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის და ყოველდღიურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ხედავს.

„როცა საუბარი COVID-19-ს ეხება, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურად საშინელ სურათებს ვხედავ. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ადამიანი ჰაერის უკმარისობის გამო, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა.

გასულ კვირას მყავდა პაციენტი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა. ჩვენ სტენტირება გავაკეთეთ და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყველა საწოლი დაკავებული იყო. წარმოიდგინეთ, ინტენსიური თერაპიის განყოფილება COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებითაა სავსე!

გარდა ამისა, ძალიან ძნელია ადამიანი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა და კორონავირუსი არ აქვს, იმ განყოფილებაში მოათავსო, რომელშიც COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან.

ნიუ იორკი კორონავირუსს მოუმზადებელი შეხვდა. MMA-ის რაც შეეხება, იქ ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბიჭები ჩხუბობენ და ნაკლებად სავარაუდოა მათ ჯანმრთელობას კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნას, თუმცა არის რისკი, რომ მათ COVID-19 იმ ადამიანებს გადასდონ, რომლებიც ათლეტები არ არიან და არც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 200289 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 4394-ს აღწევს, ვირუსი კი, 8707-მა ადამიანმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები