ყველა შეხვედრა ერთ დარბაზში და ერთ ლოკაციაზე | NBA ჩინურ მოდელს უმიზნებს
კორონავირუსის გავრცელების შედეგად სპორტის ყველა სახეობა გაჩერებულია და შეხვედრები გაურკვეველი ვადით არის გადადებული, თუმცა კომპეტენტური პირები დღემდე მუშაობენ, რომ 2019-2020 წლების სეზონები როგორმე დასრულდეს.
ESPN-ი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც NBA უკვე მუშაობს გეგმაზე, რომელიც სეზონის დასრულებას ეხება. ბრაიან უინდჰორსტი თვლის, რომ ლიგა ჩინური მოდელის გამოყენებას გეგმავს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთში ყველა გუნდი ერთ ცენტრალიზებულ ლოკაციაზეა შეკრებილი, ცხოვრობენ ერთად ერთ სასტუმროში და სხვა ადამიანებთან არანაირი კოტაქტი არ აქვთ, ისინი გარესამყაროს სრულიად მოწყვეტილები არიან.
იგეგმება, რომ ყველა გუნდი ერთ დარბაზში ითამაშებს და სეზონი ასე მჭიდრო ვადებში დასრულდება. NBA მსგავსი მეთოდის გამოყენებას გეგმავს და ასეთ ლოკაციად პირველ რიგში ლას ვეგასს, შემდეგ ბაჰამის კუნძულებსა და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კოლეჯის კორპუსს თვლიან. ამ ადგილებში კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე მცირე რაოდენობითაა დაფიქსირებული.
უდიდესი ფინანსური ზარალისგან თავის არიდების მიზნით, ლიგის ხელმძღვანელები ამ გეგმაზე სერიოზულად ფიქრობენ. მათი თქმით, სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს.
სამწუხაროდ მსგავსი მიდგომის გამოყენება არ შეუძლიათ საფეხბურთო კლუბებს, რომელთა სეზონების სავარაუდო განახლების თარიღი დღემდე დაუდგენელია და მმართველი საფეხბურთო ორგანოები ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ნახულობენ.