კარაგერი: „მესის რონალდუზე წინ ვაყენებ
Aa
Aa

კარაგერი: „მესის რონალდუზე წინ ვაყენებ"

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა caughtoffside-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მესი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც სხვები ვერ აკეთებენ. თუ სწორად მახსოვს, შარშან მან ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე იასპარეზა, რის შემდეგაც თამაში მთლიანად მისი კარნახით წარიმართა. რონალდუ ამას ვერ აკეთებს. მესის შეუძლია თამაშის ტემპზე და მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს და გოლების გატანაც მშვენივრად გამოსდის.

ზოგჯერ ფეხბურთში სტატისტიკა არაა მთავარი. არის მომენტები, როცა მატჩებს უყურებ და რომელიმე ფეხბურთელის თამაშით გაოცებული რჩები. ჩემი აზრით, ასეთ მომენტებს მესი უფრო ხშირად ქმნის.

ყველაზე მეტად ის ფაქტი მაღიზიანებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იმ მოთამაშეს მივიჩნევთ, ვისაც ყველაზე მეტი გოლი გააქვს. ჩემს ბავშვობაში გოლების გამტანი ფეხბურთელი საუკეთესოდ არასდროს ითვლებოდა. ლივერპულის ქომაგებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ საუკეთესო კენი დალგლიში იყო და არა - იან რაში. არადა ამ უკანასკნელს კენიზე ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა, მაგრამ პირადად მე, უპირატესობას 10 ნომერზე მოასპარეზე ფეხბურთელებს ვანიჭებ, რომლებსაც თავიანთი თამაშით მაყურებლების გაოცება შეუძლიათ.

ჩვენ ლამაზ გოლებს ხშირად ვხედავთ და წარსულშიც ასე იყო. მესის თამაშის ხილვის შემდეგ კი, ხვდები, რომ მის ადგილას სხვა იგივეს ნამდვილად ვერ გააკეთებდა. რონალდუზე წინ ლა პულგას სწორედ ამიტომ ვაყენებ“.

შეგახსენებთ, რომ კარაგერისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პელეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები