ღირსეული ჟესტი - სელტას ექს-ფეხბურთელმა მუშაობა აფთიაქში დაიწყო
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი - სელტას ექს-ფეხბურთელმა მუშაობა აფთიაქში დაიწყო

ტონი დოვალე ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც 2009 წლიდან 2014-მდე „სელტას“ ღირსებას იცავდა. მას „ლეგანესის“, „ლუგოს“, „რაიოსა“ და „სპორტინგ კანზასის“ რიგებშიც უთამაშია.

ამჟამად დოვალე ტაილანდურ გუნდში, „ნეივიში“ ასპარეზობს. იგი კლუბში დასაბრუნებლად ემზადებოდა, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო და გადაწყვიტა ტაილანდში წასვლის ნაცვლად, თავისი ოჯახის აფთიაქში დაეწყო მუშაობა და ფარმაცევტის ფუნქციები შეეთავსებინა.

„გალისიაში შობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი. ტაილანდში სეზონი სწორედ ამ პერიოდში რჩება და უკან დაბრუნებას ვაპირებდი, როცა პანდემია დაიწყო. თავდაპირველად მათ ევროპელები კარანტინში გადაიყვანეს, შემდეგ კი ტაილანდში შესვლა აუკრძალეს. გარკვეული დროის გასვლასთან ერთად, ვითარება ესპანეთშიც გართულდა.

ფარმაციას რამდენიმე წლის წინ ვსწავლობდი, მაგრამ დროის უქონლობის გამო, იძულებული გავხდი პაუზა ამეღო. ახლა ესპანეთში ისეთი მდგომარეობაა, რომ გადავწყვიტე როგორც რიგით მოქალაქეს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩემი წვლილი შემეტანა და ქვეყანას დავხმარებოდი.

რა თქმა უნდა პირბადეების გაყიდვას გოლების გატანა მირჩევნია, მაგრამ დღესდღეობით ქვეყანაში განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი, რომლის დროსაც აუცილებელია ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ესპანეთის თითოეულ მოქალაქეს სურს ჩვეულებრივ ცხოვრებას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ჩემს შემთხვევაში ფეხბურთს ვგულისხმობ. მნიშვნელობა არ აქვს ტაილანდში ვითამაშებ, თუ სადმე სხვაგან. ჩემთვის მთავარია, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩემი წვლილი შემაქვს და ამით ძალიან ვამაყობ.

არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის გარდა სხვა პრობლემებიც არსებობს. ხალხს სხვადასხვა დაავადება აწუხებს და მათთვის მედიკამენტების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 56197 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ბოლო საათებში 498-ით გაიზარდა და 4145-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები