Aa
Aa

„დიდი მადლობა ლეო" - მესის სამაგალითო ჟესტი

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. „ლა პულგამ“ COVID-19-ის დასამარცხებლად 1 მილიონი ევრო გაიღო.

ესპანური პრესის ცნობით, ეს თანხა ბარსელონაში მდებარე საავადმყოფოსა და არგენტინაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებას შორის განაწილდება.

რამდენიმე საათის წინ, ზემოთ ხსენებულმა კლინიკამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა: „ლეო მესიმ კორონავირუსთან საბრძოლველად კლინიკას თანხა გადაურიცხა. დიდი მადლობა ლეო ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“.

როგორც მოგეხსენებათ „ლა პულგას“ გარდა, 1 მილიონი ევრო „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამაც გაიღო. „ქალაქელთა“ თავკაცის მიერ გამოყოფილი თანხა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი პერსონალისთვის სამედიცინო ინვენტარის შესყიდვას მოხმარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ კატალონიის მთავრობას კლუბის ინფრასტრუქტურის უფასოდ გამოყენება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 42058 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ბოლო საათებში 489-ით გაიზარდა და 2991-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები