ბრძოლა პანდემიასთან: რეალის ყოფილ პრეზიდენტს COVID-19 დაუდგინდა
Aa
Aa

ბრძოლა პანდემიასთან: რეალის ყოფილ პრეზიდენტს COVID-19 დაუდგინდა

მადრიდის ''რეალის'' კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, ფერნანდრო მარტინ ალვარესს კორონავირუსი დაუდგინდა. 72 წლის ბიზნესმენი პუერტო დე იეროს კლინიკაში მკურნალობს.

შესაძლოა ფერნანდო მარტინ ალვარესი ფეხბურთის ბევრი ქომაგისთვის ცნობადი ფიგურა არაა, რადგან ''რეალის'' პრეზიდენტის პოსტს მცირე ხნით იკავებდა, 2006 წელს თებერვლიდან აპრილამდე პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო. 2006 წლის 26 აპრილს ფერნანდო მარტინ ალვარესმა პრეზიდენტის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ის დროებით ლუის გომეს-მონტეხანომ შეცვალა, ზაფხულში კი ''რეალის'' საპრეზიდენტო არჩევნები რამონ კალდერონმა მოიგო, რომელიც პოსტს 2009 წლამდე იკავებდა.

გარდა ამისა ფერნანდრო მარტინ ალვარესი მადრიდული გრანდის მმართველთა საბჭოს წევრი იყო.

შეგახსენებთ, ''რეალის'' ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 17 მარტს დაუდგინეს, თუმცა კლინიკაში მკურნალობა არ სურდა. საბოლოოდ, კლინიკაში მისი შვილის მოთხოვნით გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სანსი ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტის როლს 1995-2000 წლებში ასრულებდა. მისი მმართველობის პერიოდში ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. 1997-98 წლების სეზონი მადრიდელთა ტრიუმფით დასრულდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ''რეალმა'' მიატოვიჩის გოლით ''იუვენტუსი'' დაამარცხა, ხოლო 2000 წელს ''რეალმა'' პარიზში ''ვალენსია'' 3:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები