Ultras | Netflix-ის ახალი ფილმი
Aa
Aa

Ultras | Netflix-ის ახალი ფილმი "ნაპოლის" ტიფოზებზე

ისინი მეგობრობენ, იბრძვიან, უყვართ და იხოცებიან - Netflix-მა „ნაპოლის“ ტიფოზებზე გადაიღო ფილმი სახელწოდებით Ultras, რომლის რეკლამის ნახვაც ფეხბურთის გულშემატკივრებს აუცილებლად დააინტერესებთ.

ამ დროს, როდესაც კორონავირუსმა ყველანაირი სპორტული აქტივობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა, სახლში დასარჩენად და დროის სასიამოვნოდ გასაყვანად, მსგავსი ფილმი თქვენთვის ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება.

რაც შეეხება ფიმის სიუჟეტს, ის „ნაპოლის“ ერთ-ერთი გასული სეზონის ირგვლივ ვითარდება, როცა გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა ქომაგი ანჯელოა. ის დედასთან ერთად ცხოვრობს და მთელს დროს „ნაპოლის“ ქომაგებთან ერთად ატარებს, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა, რომელიც სხვა გუნდის ქომაგებთან ჩხუბის დროს გარდაიცვალა.

ანჯელოსთვის მამასავით არის ულტრასების ლიდერი სანდრო, რომელსაც ზედმეტსახელად „აპაჩის“ ეძახიან.

თავად ფეხბურთი ფილმში უფრო მოკრძალებული დოზით არის წარმოდგენილი, ვითარება ძირითადად ქომაგების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც მატჩებს ტელევიზორში უყურებენ, უსმენენ რადიოში. ლეგენდარული სტადიონი „სან პაოლო“ მხოლოდ ერთხელ ჩანს.

დაპირისპირებები სტადიონზე, სიყვარული, სექსი, პრობლემები მამებსა და შვილებს შორის, ჩხუბები ქუჩებში ულტრასებს შორის და რა თქმა უნდა ულამაზესი ნეაპოლი - ამ ყველაფერს თქვენ ხსენებულ ფილმში იხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები