მერაბ შარიქაძე -
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე - "მაისში სათამაშო ფორმაში ვიქნები"

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მუხლის მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. მან ერთი ეტაპი უკვე დაასრულა და გასულ პარასკევს დარბაზს გარეთ პირველად ირბინა.

საქართველოს ნაკრებისა და ‘ორიაკის’ შუამარბი, მარჯვენა მუხლმა ჯერ კიდევ გასულ სეზონში შეაწუხა და სასწრაფოდ ოპერაციაც გაიკეთა, რათა ტრავმას თავი მსოფლიო თასის წინ არ შეეხსენებინა, თუმცა ამან არ გაამართლა – მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით პერიოდში, მან მარცხენა მუხლი დაიზიანა:

„ერთი წლით ადრე, იგივე ოპერაცია მარჯვენა მუხლზე გავიკეთე. მაშინვე ვფიქრობდი, ნეტა მეორე ფეხზეც იგივე არ დამემართოსთქო, რადგან ამ ტრავმას ასეთი რამ ჩვევია. არაერთ მორაგბეს ვიცნობ, ვისაც ერთი მუხლის მკურნალობის შემდეგ, იგივე პრობლემა მეორეზე გაჩენია. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა“.

შარიქაძემ მუხლი გასული წლის 31 აგვისტოს, მსოფლიო თასის წინა მოსამზადებელ მატჩში, ‘საუზერნ კინგსთან’ დაიზიანა. მიუხედავად ამისა, მან უმოკლეს დროში შეძლო მოედანზე დაბრუნება და იაპონიაში სამი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ მეორე ოპერაციას ვერ გადაურჩა:

„მსოფლიო თასის წინა რთული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, პირველი საკონტროლო მატჩის პირველ ტაიმში, უწყინარ სიტუაციაში მუხლის ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე, თუმცა გვქონდა იმედი, რომ საქმე ნაწილობრივ დაზიანებასთან გვქონდა და იაპონიაში თამაშს შევძლებდი. თავიდან იყო იმედგაცრუება, მაგრამ მსოფლიო თასზე თამაშის უდიდესმა სურვილმა და მონდომებამ თავისი გაიტანა, ექიმებისა და მწვრთნელების დახმარებით 25-დღიანი ურთულესი აღდგენითი პროცესი გავიარე და ურუგვაისთან შეცვლაზე ვითამაშე“.

„მაგრამ მთელი ეს პერიოდი მუხლი ძალიან მაწუხებდა და მერე გაირკვა, რომ მყესი გაწყვეტილი იყო. ასეთ დროს არა თუ თამაში, სირბილიც სასწაულის ტოლფასი იყო. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში ჩავედი, გუნდთან ერთად განვიხილეთ ჩემი მდგომარეობა და ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. რეაბილიტაციის პირველი ნაწილი საფრანგეთში გავიარე, 3 კვირის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და მას შემდეგ აღდგენით პროცესს საქართველოს ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვაგრძელებ. პარასკევს მოედანზე პირველად ვირბინე და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაისში სათამაშო ფორმაში ვიქნები. თუმცა, რადგან მაისში თამაშები არ გვიწევს, რეალურად მოედანს ზაფხულის ტესტებზე, სამხრეთ აფრიკაში უნდა დავუბრუნდე, რა თქმა უნდა, თუ ივლისამდე რამე არ შეიცვლება“.

უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სიტუაციის შეცვლის ალბათობა დიდია. არავინ იცის როდის დასრულდება ეპიდემია და შესაბამისად, როდის დაუბრუნდება მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებები, რომელთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის საერთაშორისო თუ საკლუბო სარაგბო ტურნირები და შეხვედრები, გაურკვეველი ვადითაა გადატანილი.

შარიქაძეს არსებული მდგომარეობა რეაბილიტაციაში ჯერჯერობით ხელს არ უშლის:

„ჯერჯერობით ამ სიტუაციას რეაბილიტაციაში ხელი არ შეუშლია. პარასკევიდან ერთი კვირა დასვენება მაქვს და ორშაბათამდე არსად მომიწევს გასვლა. ვფიქრობ, ხელი არც მერე უნდა შემეშალოს, რადგან რეაბილიტაციის პროცესი არ უკავშირდება მასობრივ შეხვედრებს, მხოლოდ ორ ექიმთან მაქვს შეხება. გარდა ამისა, „შევარდენის“ ბაზაზე სრულადაა დაცული უსაფრთხოების წესები. სატრენაჟორო დარბაზში დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარები და ყველა ვალდებულია, შესვლისას და გამოსვლისას ხელები დაიმუშავოს. ასეთივე ზომებია მიღებული ბაზის მთელ ტერიტორიაზე“.

ბორჯღალოსნების კაპიტანი იმ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში ყველა მოქალაქის ვალია:

„ყველანი ვაანალიზებთ სიტუაციას და გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში და 24-საათიან რეჟიმში უმკლავდებიან ვირუსთან დაკავშირებულ პრობლემას“.

შარიქაძე მუდმივ კონტაქტშია საფრანგეთში მყოფ ლეგიონერებთან, განსაკუთრებით თავისი გუნდის, ‘ორიაკის’ მოთამაშეებთან. მათმა ნაწილმა მოასწრო სამშობლოში დაბრუნება, ნაწილი კი საფრანგეთშია და კარანტინის მოთხოვნებს იცავს:

„საფრანგეთში ყველაფერი გაჩერდა, ამ კუთხით იქ უფრო მძიმე სიტუაციაა ვიდრე ჩვენთან. რამდენიმე ბიჭი სამშობლოში დაბრუნდა, დანარჩენები კი იქ არიან იზოლაციაში. ცუცქირიძე და საღინაძე საფრანგეთში ნაკრების შეკრების შემდეგ ჩავიდნენ, მერე ფრენები გაუქმდა და დარჩენა მოუწიათ. მთავარია ყველანი ჯანმრთელად იყვნენ“.

„ასეთი შემტევი გუნდი არასდროს გვყოლია“

მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის მორაგბე რეაბილიტაციას გადიოდა და შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებს ვერ ეხმარებოდა, ის ბაზაზე დიდი დროს ატარებდა და კმაყოფილია იმ ცვლილებებით, რომლებიც ლევან მაისაშვილმა ნაკრებში დანერგა.

2012 წლიდან დღემდე, შარიქაძემ 66 კეპი მოიხვეჭა. ის ამბობს:

„ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში, ჩვენმა გუნდმა ყველაზე ხარისხიანი და სანახაობრივი თამაში წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა და ეს ლევანის დამსახურებაა. ვუყურებდი ვარჯიშებს და ვხედავდი, რომ მწვრთნელი ცდილობდა შეტევის სისტემები ჩვევაში გადაეყვანა. რაღაც თამაშებში ეს კარგად გამოვიდა. რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, თუმცა მთლიანობაში ამ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ. ლევანის მიდგომამ მორაგბეებს სითამამე შესძინა. კრებასა თუ მოედანზე მისგან სულ გვესმოდა – არავის გაგკიცხავთ შეცდომის გამო, თუ შეცდომა მოხდება თავიდან გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს მოთამაშეებს წნეხის მოხსნაში დაეხმარა. როდესაც მოთამაშეს გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალ სივრცეს აძლევ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე უნდა გაგრძელდეს, თუ გვსურს, რომ საქართველოს ნაკრები კარგ შემტევ გუნდად ჩამოყალიბდეს“.

„რაც შეეხება დაცვაში დაშვებულ შეცდომებს, ეს არც ჩვენ მოგვწონს და არც გულშემატკივარს, მაგრამ როდესაც მთელ აქცენტს შეტევაზე აკეთებ, იოლი არაა დაცვაში უშეცდომოდ თამაში. მთელი ტურნირის განმავლობაში დაცვის ვარჯიში სულ რამდენიმე იყო და ასეთ დროს ხაზის გაჭრა ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც სავარჯიშოდ მეტი დრო გვექნება და დაცვაზეც იმ დოზით ვიმუშავებთ, როგორც ამ პერიოდში შეტევაზე ვმუშაობდით, ეს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება“

მომზადებული - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები