უცნაური მიზეზი - უაილდერი მარცხს კოსტიუმს აბრალებს და მატჩრევანშს ითხოვს
Aa
Aa

უცნაური მიზეზი - უაილდერი მარცხს კოსტიუმს აბრალებს და მატჩრევანშს ითხოვს

დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან განცდილი მარცხი უცნაური მიზეზით ახსნა. „ბრონზ ბომბერმა“ Yahoo Sports-თან საუბრისას წაგება თავის კოსტიუმს დააბრალა.

„ფიურის ჩემთვის მტკივნეულად არ დაურტყამს. საქმე ისაა, რომ ჩემი კოსტიუმი ძალიან მძიმე იყო და ორთაბრძოლისას ფეხები უკვე აღარ მქონდა. მესამე რაუნდში ფეხები მთლიანად გამეთიშა.

დაპირისპირების შემდეგ, ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ფიურისთან ჩხუბისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს რაღაც მჭირდა. ეს სიმართლეა, მაგრამ როცა რინგზე ხარ, ბლეფი აუცილებელია“.

მოგვიანებით უაილდერმა ინტერვიუ Athletic-საც მისცა და აღნიშნა: „მატჩრევანში აუცილებლად გაიმართება. მინდა დაკარგული ქამარი დავიბრუნო“.

როგორც მოგეხსენებათ ამერიკელმა მებრძოლმა, საკუთარი გუნდის წარმომადგენელი, მარკ ბრელენდი რომელმაც რინგზე პირსახოცი გადმოაგდო, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. Athletic-ს ჟურნალისტმა უაილდერს ამ თემის შესახებაც ჰკითხა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო: „მე მებრძოლი, ჩემპიონი და ლიდერი ვარ, ამიტომ მინდა რინგიდან ან ფარით გავიდე, ან ფარზე.

გახსოვთ რინგზე მეტოქის მოკვლაზე რომ გესაუბრებოდით?! ამ პრინციპს პატივს ვცემ და თანახმა ვარ მოწინააღმდეგისგანაც იგივე მივიღო. გამომდინარე აქედან, ბრძოლის შემდეგ, ჩემი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ არასდროს, მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება! არასდროს პირსახოცი არ გადმოაგდონ, რადგან განსაკუთრებული ვარ.

ფიურისთან კიდევ 5 რაუნდის ჩატარების რესურსი მქონდა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოვიყურებოდი, ორთაბრძოლის გაგრძელება შემეძლო".

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანული პრესის ცნობით, თუ უაილდერმა კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული პუნქტი აამოქმედა და მატჩრევანში მოითხოვა, მისი და ფიურის მესამე ორთაბრძოლა სავარაუდოდ ზაფხულში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები