Aa
Aa

გოგამ 9 წუთი ითამაშა - ინდიანამ 46 ქულით წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ სრული კრახი განიცადა. ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ნეით მაკმილანის ბიჭები სტუმრად, „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდნენ და 46 ქულით, 127-81 განადგურდნენ.

კანადელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მხოლოდ ერთი მეოთხედი დათმეს, ისიც ერთი ქულით. „ტორონტომ“ ისტორიულ შედეგსაც მიაღწია და არსებობის განმავლობაში 46 ქულით პირველად იმარჯვა.

„რეპტორსთან“ შეხვედრაში გოგა ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი და 29 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა. გოგამ 2 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამიანი გააფუჭა.

„ინდიანას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ 3-მა კალათბურთელმა გადალახა, მაგრამ 14 ქულაზე მეტი არცერთ მათგანს დაუგროვებია. „ტორონტოს“ რაც შეეხება, „რეპტორსის“ მხრიდან საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომელიც 21 ქულით გამოირჩა. კაილ ლოურიმ 16 ქულასთან ერთად, 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სერჟ იბაკა კი 15 ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა.

კანადელებთან განცდილი ფიასკოს შემდეგ, „ინდიანას“ „შარლოტ ჰორნეთსთან“ მატჩი ელოდება, რომელსაც 26 თებერვალს, საკუთარ კედლებში გამართვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები