69-ე All Star - შეცვლილი ფორმატი, დაძაბული ფინიში და ლებრონის გუნდის გამარჯვება
Aa
Aa

69-ე All Star - შეცვლილი ფორმატი, დაძაბული ფინიში და ლებრონის გუნდის გამარჯვება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 69-ე ALL STAR, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა, ლებრონ ჯეიმსის გუნდის გამარჯვებით, 157-155  დასრულდა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შეცვლილმა ფორმატმა გაამართლა.

 

მატჩის სტარტზე უპირატესობას ჯეიმსის გუნდი ფლობდა. „მეფემ“ და კომპანიამ პირველი მეოთხედი 53-41 მოიგეს და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 100 000 დოლარი დაისაკუთრეს.

მეორე თორმეტწუთეული იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდის კარნახით წარიმართა. კავაი ლეონარდის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, რომელმაც პირველ ტაიმში 7 სამიანი ჩააგდო და 25 ქულა დააგროვა, „გრიკ ფრიკის“ გუნდმა მეორე მეოთხედში 51-30 იმარჯვა და შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გუნდებმა 41-41 ქულა ჩააგდეს და გაირკვა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად 157-ქულიანი ნიშნულის მიღწევა იყო საჭირო.

ანტეტოკოუნმპოს გუნდი 9 ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „მეფემ“ და კომპანიამ თამაშში დაბრუნება და წინ გასვლა მოახერხეს. საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი ენტონი დევისმა გადაწყვიტა. ანგარიში 156-155 გახლდათ, როცა კაილ ლოური „ეიდის“ წინააღმდეგ დაჯარიმდა და ჩიკაგოში დაბადებულ კალათბურთელს ორი სროლის განხორციელების უფლება მიეცა.

დევისმა პირველი ტყორცნა, როგორც მატჩის შემდეგ თავად განაცხადა, განზრახ გააფუჭა, მეორე კი დამაჯერებლად ჩააგდო და ლებრონის გუნდს გამარჯვება მოუტანა

მატჩის MVP-ს რაც შეეხება, კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდო კავაი ლეონარდს გადაეცა, რომელმაც შეხვედრა 30 ქულით, 7 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა

ლეონარდის გარდა 23 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. ენტონი დევისმა 20 ქულასთან ერთად 9 მოხსნა დააგროვა. კრის პოლმა კი 23 ქულა ჩააგდო.

„გრიკ ფრიკმა“ თავის გუნდს 25 ქულით ულიდერა. კემბა უოკერმა თავი 23 ქულას მოუყარა. ჯოელ ემბიდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო რუდი გობერი 21 ქულასა და 11 მოხსნას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები