ზუროსმა ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა
Aa
Aa

ზუროსმა ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება, ხოლო პირველ მატჩს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავს.

ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა 24 კანდიდატი დაასახელა, საიდანაც შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ კალათბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 16 თებერვალს ვარჯიშს შეუდგებიან. 

წინასწარ არაა ცნობილი, რამდენი მოთამაშით დაიწყებს ზუროსის გუნდი შეკრებას – საბოლოო რაოდენობა 14 და 15 თებერვალს დაგეგმილი სუპერლიგის მე-13 ტურის დასრულების შემდეგ დადგინდება. 

ფიბა-სა და ევროლიგას შორის დაულაგებელი ურთიერთობის გამო საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში ვერ იასპარეზებენ ევროლიგის გუნდებში მოთამაშე კალათბურთელები. ამის გამო ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება ესპანური ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია. ზუროსი ასევე ვერ გამოიყენებს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და სტუდენტური ლიგის (NCAA) ქართველებს.

სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელსაც 2 ახალი წევრი ეყოლება: ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. ბოისა სუპერლიგის “რუსთავის” მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი “ტიტების” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

წინა წლების მსგავსად, ილიას ზუროსის ასისტენტები იქნებიან სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს (ჯორჯ) ლიმნიატისი. ნაკრების ფიზმომზადებაზე კვლავ ირაკლი შიოშვილი იზრუნებს, ხოლო სამედიცინო კუთხით ეროვნულ გუნდს დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე პერსონალი მოემსახურება ექიმ თემურ ხვედელიძისა და ფიზიოთერაპისტ ზურა სულეიმანაშვილის სახით.

მთლიანობაში ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. ევრობასკეტის 24 საგზურიდან, როგორც ვთქვით, 4 დაბევებული აქვთ საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს. დარჩენილი 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 სათამაშო ფანჯარაა: მიმდინარე თებერვალში, მომავალ ნოემბერს და 2021 წლით თებერვალს. თითოეული ფანჯრის ფარგლებში საკვალიფიკაციოს ყველა მონაწილე 2-2 მატჩს გამართავს (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი განრიგი). 

საქართველო-შვეიცარიის 20 თებერვალს გასამართ მატჩზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე: ➡ tkt.ge.basketball 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები